ედუარდ შევარდნაძეს დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა
დღეს საქართველოს ექსპრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის დაბადების დღეა. ექსპრეზიდენტი კრწანისის რეზიდენციაშია დაკრძალული, სადაც ამ დროისთვის მისი ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები და საზოგადო მოღვაწეები იკრიბებიან. რის შემდეგადაც მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სახელი მსოფლიოში 1985 წელს გახდა ცნობილი, როდესაც მიხეილ გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. მანამდე შევარდნაძე შინაგან საქმეთა მინისტრისა და „ცეკას“ პირველი მდივნის თანამდებობებს იკავებდა. ამ პერიოდში შევარდნაძის სახელს უკავშირდება ბერლინის კედლის ნგრევა და გერმანიის გაერთიანება. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა მან 1990 წელს დიქტატურისადმი პროტესტის ნიშნად დატოვა.
საქართველოში შევარდნაძე 1992 წლის მარტში, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ძალადობრივი ჩამოგდების შემდეგ ჩამოვიდა, არჩევნები ჩაატარა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. 1995 წელს მან ხელი საქართველოს ახალ კონსტიტუციას მოაწერა და ქვეყნის პრეზიდენტი გახდა.
მისი პრეზიდენტობის პერიოდთანაა დაკავშირებული საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა, ეკონომიკური კრიზისი, როგორც ქვეყნის დსთ-ში შესვლა, ასევე ნატოში გაწევრიანების სურვილის ოფიციალური გაცხადება. შევარდნაძის სახელს უკავშირდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ეზრუმის მილსადენების საქართველოს ტერიტორიაზე გაყვანა. ასევე, 1999 წლის „სტამბოლის შეთანხმება“ საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ.
2002 წელს შევარდნაძის პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წააგო. 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, ის თანამდებობიდან გადადგა. ედუარდ შევარდნაძე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 2014 წლის 7 ივლისს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.