სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატის ლადო ძნელაძის ინიციატივით და მისივე ბიუროს თანამშრომლების ძალისხმევით, საფეხბურთო გუნდი ,,ე.ს. ელიავა” ჩამოყალიბდა. გუნდში დიდუბის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები ყოველგვარი გადასახადის გარეშე არიან გაწევრიანებული.
საკრებულოს ცნობით, გუნდმა ვარჯიში 4 თვის წინ დაიწყო და სხვადასხვა საფეხბურთო კლუბებთან შეხვედრების უმეტესობა წარმატებით დაასრულა.
,, ე.ს. ელიავასა” და საფეხბურთო კლუბ ,,ავაზას” შორის დღეს მეგობრული მატჩი გაიმართა. როგორც ლადო ძნელაძემ აღნიშნა, გუნდში 25 ბავშვია გაწევრიანებული და სამომავლოდ დაგეგმილია კვოტის 60-მდე გაზრდა.
,,დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ელიავას ბაზრობის ხელმძღვანელობას, რადგან მათი დახმარებით მოხდა საბურავების საწყობის გამოთავისუფლება. შემდეგ გაჩნდა იდეა გაგვეკეთებინა კეთილი საქმე, გავაკეთეთ სტადიონი და შევქმენით გუნდი სოციალურად დაუცველი ოჯახებისგან. გვაქვს სისტემატური შეხვედრები სხვადასხვა გუნდებთან და ძალიან ამაყი ვარ, რადგან უკვე ვხედავ შედეგს. ბავშვებს არაჩვეულებრივი მონაცმეები აქვთ და ვიმედოვნებთ, რომ აქედან რომელიმე აუცილებლად გამოვა კარგი და წარმატებული ფეხბურთელი“, – განაცხადა ლადო ძნელაძემ.
დიდუბის რაიონის სამაჟორიტარო ბიუროს წევრები დღესვე გუნდის ერთ-ერთი მოთამაშის საბა კუპრაშვილის ოჯახს ეწვივნენ.
,,დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატს, რადგან მომეცა საშუალება მეთამაშა ამ გუნდში. ვვარჯიშობთ კვირაში 5 დღე და ვეთამაშებით სხვადასხვა გუნდებს. გადასახადს საერთოდ არ ვიხდით. ასევე უფასოდ გვირიგდება ფორმა და ის აქსესუარები, რაც ფეხბურთისთვის არის საჭირო. ვეცდებით, რომ ჩვენ მათ არ ვუღალატოთ და ჩამოვყალიბდეთ ნამდვილ, კარგ ფეხბურთელებად“,- განაცხადა საბა კუპრაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები