„კავკასუს ონლაინს“ და „სილქნეტს“ მომხმარებლები უჩივიან

  მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა კომპანია „კავკასუს ონლაინს“ და „სილქნეტს“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლა, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფეისბუქზეა განთავსებული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უწყებას მომხმარებელთა ინტერსების საზოგადოებრივმა დამცველმა ინტერნეტპროვაიდერების მიერ მომსახურების საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიების გამო უჩივლა. ამ საკითხთან დაკავშირებით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ბოლო პერიოდში მსხვილი ინტერნეტპროვაიდერების მიერ მომსახურების საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიების გამო, 2014 წლის 24 თებერვალს კომისიასთან არსებულმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა წერილობით მიმართა შპს „კავკასუს ონლაინს“ და სს „სილქნეტს“. საზოგადოებრივი დამცველის წერილში აღნიშნულია, რომ მომხმარებლები ინტერნეტპროვაიდერების მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული გაუმჯობესებული მომსახურებისთვის, გაორმაგებული ინტერნეტსიჩქარისთვის დაწესებული გაზრდილი გადასახადის გამო გამოთქვამენ უკმაყოფილებას. ინტერნეტპროვაიდერ კომპანიებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია, რომ მომხმარებელთა გარკვეული ნაწილის მტკიცებით, მიწოდებული ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა სააბონენტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ასევე, მოხდა კომპანიების ინფორმირება, რომ მომხმარებელთა გარკვეული კატეგორია ითხოვს, შეღავათიანი პირობები და მინიმალური ტარიფი დარჩეთ იმ პირებს, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულ მომხმარებლებად ითვლებიან.
აქედან გამომდინარე, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა ინტერნეტპროვაიდერი კომპანიებისგან გამოითხოვა ინფორმაცია ტარიფების გაძვირების საფუძვლების შესახებ. ასევე, ინფორმაცია იმის თაობაზე, სამომავლოდ დაგეგმილია თუ არა მომხმარებელთათვის ოპტიმალური ტარიფის შეთავაზება. ინტერნეტპროვაიდერებისგან მიღებულ ინფორმაციას ტარიფების ცვლილებასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური დამატებით გაცნობებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები