მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეა და მას შეუძლია დაბრუნება
ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიხეილ სააკაშვილის შესახებაც მოუხდა საუბარი. ჟურნალისტი დაინტერესდა, შეუძლია თუ არა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა შეკითხვაზე პასუხის გაცემისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეა და მას ქვეყანაში დაბრუნება შეუძლია.
“ის საქართველოს მოქალაქეა, ამიტომ რატომაც არა, მას შეუძლია დაბრუნება. მან ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. ვერ შეგპირდებით, რომ ხალხს ის ენატრება, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეუძლია დაბრუნება. მას ჯერაც საქართველოს მოქმედი პასპორტი აქვს. ასე რომ, შეუძლია ყოველგვარი პრობლემების გარეშე მოგზაურობა”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.