გამსახურდიას ავტომანქანის შესახებ ინფორმაციას „კვირას“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 10 დღეში მიაწვდის

კონსტანტინე გამსახურდიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დროინდელი დაჯავშნილი ორი სხვადასხვა ფერის „მერსედესი“ 2012 წლის მდგომარეობით სახელმწიფო ესკორტის სპეციალურ სადგომზე იმყოფებოდა, „კვირას“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა თემურ ჯანაშიამ დაუდასტურა.
როგორც „კვირას“ ჯანაშიამ განუცხადა, მოლურჯო ფერის „მერსედესი“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსზე 2013 წლის თებერვლამდეც ირიცხებოდა.
„მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც ზვიად გამსახურდიას დროინდელი ხელისუფლების დროს არის შეძენილი, სანამ მე თანამდებობაზე ვიყავი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსზე იმყოფებოდა. მე თანამდებობა 2013 წლის თებერვალში დატოვე. წესით, ეს მანქანა არ უნდა გასხვისებულიყო. ეს არის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა. როგორ აღმოჩნდა კერძო საკუთრებაში, ჩემთვის უცნობია. მიმართეთ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს“,- აღნიშნა ჯანაშიამ.
„კვირა“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაუკავშირდა. როგორც „კვირას“ უწყების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ ხერგიანმა განუცხადა, მათი სამსახური ჩვენ მიერ წერილობით გაგზავნილ კითხვებს 10 დღის განმავლობაში უპასუხებს. „კვირა“ ლურჯი ფერის „მერსედესის“ შესახებ ჟურნალისტურ მოკვლევას აგრძელებს და დამატებით ინფორმაციას მკითხველს კვლავ შევთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ მანქანების ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდზე: myauto. Ge 2015 წლის 1 იანვარს მსუბუქი ავტომობილის MERCEDES-BENZ-ის გაყიდვის თაობაზე განცხადება გამოქვეყნდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ავტომანქანა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ყოფილი მანქანაა და იგი 32 000 დოლარად არის შეფასებული. როგორც „კვირამ“ გაარკვია ლურჯი ფერის ავტომანქანა „მერსედესი“ უკვე დიდი ხანია კერძო პირის კუთვნილებაა. თავად მანქანის მესაკუთრე ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება და მანქანის გაყიდვა მან მეგობარს სთხოვა.

10877900_890150511007443_1984979551_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები