რა აკავშირებთ ზვიად გამსახურდიას და ასლან აბაშიძეს გასაყიდად გამზადებულ “მერსედესთან”

საქართველოს ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას „მერსედესის“ მარკის 2 ავტომანქანა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1991 წლის გაზაფხულზე გერმანიაში შეუძინეს, – ამის შესახებ „კვირას“ მაშინდელი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა თენგიზ სიგუამ განუცხადა.
მისი თქმით, გერმანიაში დაჯავშნილი „მერსედესის“ მარკის 2 ავტომანქანა მაშინდელი ხელისუფლების ერთ-ერთმა მინისტრმა კახი ასათიანმა შეიძინა.
„საქართველოს პირველი პრეზიდენტისთვის 2 „მერესედესის“ მარკის ავტომანქანა სპორტის მაშინდელმა მინისტრმა კახი ასათიანმა სახელმწიფო ბიუჯეტის თანხით შეიძინა. შავი და ლურჯი ფერის ორივე მანქანა დაჯავშნილი იყო. შავი „მერსედესი“ ზვიად გამსახურდიამ თავისთვის დაიტოვა, ხოლო ლურჯი ფერის ასლან აბაშიძეს აჩუქა. 1991 წლის აგვისტო – სექტემბერის თვეები იყო. მახსოვს, ასლანის მანქანას რაღაც ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა და თურქეთში გასაკეთებლად გადაიყვანა. რაც შეეხება შავი ფერის „მერსედესს“, ზვიად გამსახურდია სწორედ ამ მანქანით გადაადგილდებოდა და სწორედ ამ შავი ფერის „მერსედესით“ 1992 წლის 5 იანვარს საქართველო დატოვა. ამ მანქანით გადავიდა სომხეთში. ამის შემდეგ მანქანების ბედი ჩემთვის უცნობია“, – აღნიშნა თენგიზ სიგუამ „კვირასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ მანქანების ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდზე: myauto. Ge 2015 წლის 1 იანვარს მსუბუქი ავტომობილის MERCEDES-BENZ-ის გაყიდვის თაობაზე განცხადება გამოქვეყნდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ავტომანქანა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ყოფილი მანქანაა და იგი 32 000 დოლარად არის შეფასებული.
„კვირას“ ზვიად გამსახურდიას დროინდელი ხელისუფლების უზენაესი საბჭოს წევრმა ნემო ბურჭულაძემ განუცხადა, რომ ლურჯი ფერის „მერსედესი“ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს, მართლაც, ემსახურებოდა, თუმცა აღნიშნული ავტომობილი სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხებოდა.
„კვირა” ინფორმაციის გადასამოწმებლად ზვიად გამსახურდიას ვაჟს, ცოტნე გამსახურდიასაც მიმართა. მისი თქმით, ამ დროისთვის მანქანა კვალის არევის მიზნით აზერბაიჯანშია.
თუმცა, როგორც „კვირამ“ გაარკვია ლურჯი ფერის ავტომანქანა „მერსედესი“ უკვე დიდი ხანია კერძო პირის კუთვნილებაა. თავად მანქანის მესაკუთრე ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება და გაყიდვა მეგობარს სთხოვა.
სწორედ – „სოსომ“, myauto. Ge-ზე ინფორმაცია განათავსა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები