ჩარგალში „მიხაობა“ გაიმართება

25 იანვარს ჩარგალში ექსკურსია მოეწყობა. ეს არის „მიხეილ ღანიშაშვილის მუდმივმოქმედი ლიტერატურული სემინარების“ მიერ ორგანიზებული ყოველწლიური გასვლითი კულტურული ღონისძიბების ციკლის მორიგი შეხვედრა მიხა ხელაშვილის საფლავზე, მისი დაბადების დღისა და მკვლელობის თარიღთან დაკავშირებით.
„მიხაობა“, ანუ იგივე მიხა ხელაშვილის ხსოვნისადმი (დაბადებისა და მკვლელობის თარიღები: 1900 წლის 25 იანვარი – 1925 წლის 25 იანვარი) მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც რეგულარულად მართავს „მიხეილ ღანიშაშვილის მუდმივმოქმედი ლიტერატურული სემინარები“ ჩარგალში, სათავეს 2010 წლიდან იღებს. ცხადია, მიხა ხელაშვილის ცალკეული მცნობ-მცოდნენი და პატივისმცემელნი მანამდეც ადიოდნენ მის საფლავზე, მაგრამ ორგანიზებულად, ხელოვნების მოღვაწეთა ფართო ჯგუფი, ამ პერიოდიდან იწყებს სიარულს და გარკვეული ლიტერატურული გეგმის მიხედვით ღონისძიებების გამართვას. „შეიძლება ითქვას, რომ „მიხაობა“ ხალხის წიაღიდან ამოზრდილი, ჭეშმარიტად სახალხო დღეობაა, რომელიც, მიუხედავად ზამთრის სეზონისა, ყოველი წლის 25 იანვარს, უფრო და უფრო მეტ ადამიანს იზიდავს ჩარგალში“, – ამბობს მიხეილ ღანიშაშვილი.
როგორც ცნობილია, მიხა ხელაშვილი ფშავში, სოფელ ახადში დაიბადა. ის სასულირო პირი იყო, მსახურობდა დიაკვნად ჯერ ბარისახოს, შემდეგ ჩარგლის ეკლესიებში. იგი ქაქუცა ჩოლოყაშვილის „შეფიცულთა რაზმთან“ ერთად იბრძოდა ადგილობრივი კომუნისტური ხელისუფლებისა და ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ოკუპაციისა და ანექსიის წინაღმდეგ.
1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ არ წავიდა პოლიტიკურ ემიგრაციაში. ის, სრულიად ახალგაზრდა, ღალატით მოკლეს კომუნისტმა-კომკავშირელმა ჩეკისტებმა, 1925 წლის 25 იანვარს. დაკრძალულია ჩარგლის სასაფლაოზე.
როგორც მიხეილ ღანიშაშვილი ამბობს: „მიხა ხელაშვილი იყო ჭეშმარიტი სასულიერო მოღვაწე, უნიჭიერესი პოეტი და უებრო მამულიშვილი. კომუნისტური რეჟიმი მის ხსოვნას საგულდაგულოდ მალავდა, ხოლო მისი სახელის ხსენებას კი სასტიკად კრძალავდა ხალხში. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი, როგორც შემოქმედისა და პატრიოტის, დავიწყება ხალხისათვის მაინც ვერ შეძლო. მისი ლექსები ზეპირმეტყველებისა და სიმღერების სახით ვრცელდებოდა და საოცრად პოპულარული იყო საზოგადოებაში, ხოლო მისი ბიოგრაფიის, როგორც ლეგენდის შესახებ, ყოველთვის ინტერესით ყვებოდნენ.“
ამ ხუთმა წელიწადმა, რაც „მიხაობა“ იმართება, ნათლად აჩვენა, რომ: ხალხს გულწრფელად უყვარს მიხა ხელაშვილი, დიდად აფასებს მის ნიჭს, ვჟკაცობას, პატრიოტიზმს, აინტერესებს მის სახელთან დაკავშირებული ყოველი დეტალი, სწავლობს მის შემოქმედებას, ბიოგრაფიას და პატივს მიაგებს გარდაცვლილის ხსოვნას.
„მიხაობა“ ნამდვილად ფართომასშტაბიანი და საერთო-ეროვნული ღონისძიებაა. დიდია ხალხის მხრიდან აქტიურობა. ამ დღეს იქ საქართველოს ყოველი კუთხის წარმომადგენელი იყრის თავს. ჩვენს გარდა, მიხა ხელაშვილის საფლავზე, უამრავი ხალხი, საზოგადოებრიობის, კულტურის, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მოდიან. ყოველთვის აქვეა ფშავ-ხევსურეთის, ჩარგლის მოსახლეობა, უბრალო ხალხი, ვისაც არასოდეს ეშლება კეთილისა და ბოროტის, კარგისა და ცუდის, გმირისა და მოღალატის გარჩევა“, – ამბობს მიხეილ ღანიშაშვილი.
„მიხაობისას“ ადგილობრივ ეკლესიაში აღესრულება პარაკლისი, პოეტის საფლავზე იმართება პოეზიის საღამო, არის სიტყვით გამოსვლები, მიხას ან მისადმი მიძღვნილ ლექსებს კითხულობენ პოეტები, მსახიობები, მღერიან მომღერლები. ყოველივე ამის შემდეგ იმართება პურობა.
„მიხაობა“ თავისი ისტორიული და კულტურული ფესვებით უმნიშვნელოვანეს ეროვნულ ღონისძიებად მეჩვენება. მიხა ხელაშვილის ცხოვრება, მოღვაწეობა, აღსასრული და შემოქმედება ნამდვილად სამაგალითო უნდა იყოს ჩვენი მომავალი თაობისთვის. გულდასაწყვეტია, რომ დღემდე ვერ მოხერხდა ამ უმნიშველოვანესი მოვლენის სამთავრობო დონეზე აწევა. ოფიციალურად არსად ჩანს კულტურის სამინისტრო, დუშეთის რაიონის გამგეობა, მისი შესაბამისი სამსახურები. დღემდე არ ამჟღავნებს სათანადო ყურადღებას მედია – წამყვანი ტელევიზიები და პრესა დუმილით უქცევს გვერდს ამ მართლაც და კაი ყმის ნათქვამ-ნაქნარს. სწორედ, ამ უყურადღებობის ბრალია, რომ, მიუხედავად ენთუზიასტისტთა დიდი მცდელობისა, „მიხაობა“ დღემდე რჩება არაოფიციალურ, ქაოსურ, ნაკლებად ორგანიზებულ დღეობად.
სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, თოვლისაგან გზას რომ მაინც წმენდდეს ხელისუფლება საგანგებოდ ამ დღისათვის, ამჯერად ესეც დიდი ხეირი იქნებოდა იქ წასვლის მსურველთათვის“, – ამბობს მიხეილ ღანიშაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები