თეონა ლავრელაშვილი სამოქალაქო მოძრაობის კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა
საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღეს გორში ახალი სამოქალაქო მოძრაობის სადამფუძნებლო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიას, დამოუკიდებლობას, დასავლური ინტეგრაციის პერსპექტივებსა და გამოწვევებს მიეძღვნა, რომელზეც ახალგაზრდული პარლამენტის დამფუძნებელი თეონა ლავრელაშვილი მოხსენებით გამოვიდა.
„სამოქალაქო მოძრაობის მიზანია, საზოგადოების გამოფხიზლება და დამოუკიდებელი ინიციატივების წახალისება. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია გორში დაფუძნდა. მოძრაობას ვუსურვებ, ძლიერი ევროპული საქართველოს შექმნის ავანგარდი და მედროშე იყოს. პოლიტიკის კეთების არეალი აუცილებლად უნდა გაფართოვდეს, მაქსიმალურად ბევრი ინდივიდი ჩაერთოს და ხალხს რეალური ძალაუფლება მიეცეს. საჭიროა, რომ საზოგადოება იყოს ერთიანი და პარტიებს ანტაგონიზმი არ შეჰქონდეთ. ამიტომაც მომავლის პოლიტიკა სწორედ უპარტიო დემოკრატიას უნდა ეფუძნებოდეს“, – განაცხადა მოხსენებისას თეონა ლავრელაშვილმა.
შეგახსენებთ რომ, თეონა ლავრელაშვილი ახალგაზრდა ლიდერია, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების დემოკრატიულ ჩართულობას. მის ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში უკვე 7000-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა. მანვე დააფუძნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი. ფლობს ბაკალავრის და მაგისტრის (გერმანია) ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებებში, საერთაშორისო ურთიერთობებსა და სახელმწიფო მართვაში. არჩეულია საჯარო მმართველთა ინსტიტუტის პრეზიდენტად. ევროპის პარლამენტში საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება მიიღო. აქტიურად თანამშრომლობს გაეროსთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან და კონგრესთან. მიღებული აქვს სხვადასხვა პრესტიჟული, მათ შორის კონრად ადენაუერის სტიპენდია. არჩეულია საერთაშორისო სავაჭრო პალატის ექსოფისიო წევრად. არის ქართულ-ესპანური ლექსიკონის ავტორი.