ზურაბ ფოჩხუამ და დავით ნაირაშვილმა სამხედრო-საჰაერო ძალები შეგნებულად დაშალეს
თადარიგის მაიორი თავდაცვის სამინისტროს კორუფციული სქემისა და იარაღით უკანონოდ ვაჭრობის შესახებ
უკრაინიდან იარაღის შესყიდვის გზით საქართველოს ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილის, ირაკლი ოქრუაშვილის, თავდაცვის მაშინდელი სამხედრო-საჰაერო ჯარების სარდლის ზურაბ ფოჩხუას და შესყიდვების სამსახურის უფროსის მამუკა მუჯირის ჩართულობით დიდი ფული გათეთრდა, – ამის შესახებ „კვირას“ თადარიგის მაიორმა, მეზენიტე გოდერძი ორმოცაძემ აცნობა. მისი თქმით, უკრაინიდან შეძენილი იყო, უხარისხო მეორადი ტექნიკა, თუმცა მათზე ახალი სრულყოფილი ტექნიკის თანხები იყო გაწერილი. როგორც ორმოცაძემ „კვირასთან“ საუბრისას განმარტა, ტექნიკის სახეობების ნუსხა პირადად ზურაბ ფოჩხუამ შეადგინა, იგი ასევე აკონტროლებდა შერჩეულ ტექნიკას და ყველა ოპერაციაში თავადვე იყო ჩართული.
ორმოცაძის განცხადებით, მსგავსი ოპერაციები და დიდი რაოდენობით ფულის მიხეილ სააკაშვილის უშუალო ჩართულობის გარეშე გათეთრება ვერ მოხერხდებოდა.
„მათ უკრაინიდან იარაღის შესყიდვის დროს ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ. საქმეში ჩართული იყო შესყიდვების სამსახურის იმჟამინდელი უფროსი მამუკა მუჯირი და სხვა ის პირები, ვისაც უშუალოდ ეხებოდა შესყიდვა. მათ იცოდნენ, თუ რა თანხა სჭირდებოდა ამ ტექნიკას. საქმეში იყო ასევე მესამე პირი, რომელმაც იცოდა, სად უნდა გადაყიდულიყო ტექნიკა და რამდენს ფულს დატოვებდა ოპერაცია. საქმის კურსში იყო პრეზიდენტიც. მიხეილ სააკაშვილის გარეშე ეს ოპერაცია ვერ შესრულდებოდა. ქვეყანაში საჰაერო თავდაცვისთვის შემოსატანი ტექნიკის უშუალოდ მიმღები ბატონი ზურაბი იყო. თავდაცვის სამინისტრომ მაშინ შეიძინა ბუკები, კუბი, კრუგი, რომელიც საქართველოში საერთოდ არ შემოსულა. ჩემი ინფორმაციით, ბუკების შეძენისთვის მას გაშვებული ჰყავდა პოლკოვნიკი მერაბ ურიდია, რომელიც თავდაცვის უწყებაში დღემდე მუშაობს. საქართველოში შესყიდული ტექნიკა არ ჩამოსულა. აქ მხოლოდ მეხუთე და მეოთხე კატეგორიის ტექნიკა ჩამოვიდა. ამ ბატონებმა მისი შესყიდვის დროს, ოქრუაშვილთან და კეზერაშვილთან ერთად ძალიან დიდი ფული გაათეთრეს. ყველა მათგანი იმდროინდელ მინისტრებთან იყო შეკრული. ამ პიროვნებებმა მერე ოფშორები მოძებნეს და მაქინაციური გზებით ხალხის ფული ჯიბეში ჩაიდეს, ისე რომ არცერთის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა“- განაცხადა გოდერძი ორმოცაძემ.
ორმოცაძის თქმით, ფოჩხუა პირადად იცავდა ოქრუაშვილის დროინდელ კორუფციულ გადაწყვეტილებებს და იმ ყველაფერში, რაც მოხდა პირადად მიუძღვის ბრალი: ომის დროს რუსეთის ჯარებისთვის ტექნიკის ჩაბარება, უვარგისი ტექნიკის ჩამოყვანა, თბილისის და სხვა ობიექტების დაუცველობა, ნახევარი ტექნიკის აუთვისებლობა და ა.შ.
„ფოჩხუა მონაწილეობდა კორუფციულ გარიგებებში. მან თავისი უცოდინრობით საქართველოს საჰაერო თავდაცვას თავი ვერ გაართვა. ბოლოს მან და დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს მოქმედმა სამხედრო ატაშემ ნაირაშვილმა შეგნებულად დაშალეს საჰაერო ძალები, რათა ნამოქმედარის კვალი წაეშალათ“, – აცხადებს გოდერძი ორმოცაძე.