საქართველოში ინტერპოლის მიერ ძებნილი დააკავეს
საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა, აზერბაიჯანის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს სასაზღვრო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, 19.02.1966 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დოღან თუნჯაი (Dogan Tuncay) დააკავეს. მისი დაკავების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით ანკარას ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნაში 2014 წლის 25 დეკემბერს გამოცხადდა.
დოღან თუნჯაის ბრალად ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 227/2, 62/1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც პროსტიტუციაში შუამავლობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულისთვის დაკავებულს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით 2 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ამჟამად დოღან თუნჯაი დაკავებული და გადაყვანილია ქვემო ქართლის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში. მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.