“ნაციონალების” მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ქონება მფლობელებს დაუბრუნდებათ – პრემიერის ინიციატივას იუსტიცია განახორციელებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე გამოეხმაურა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბოლო 9 წლის განმავლობაში დაზარალებული ადამიანების ინტერესების დასაცავად კომისიის შექმნა აუცილებელია.
“ბევრი საჩივარი არსებობს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მმართველობის პერიოდში უკანონოდ და ძალადობრივად ჩამორთმეული ქონებების შესახებ და საჩივართან დაკავშირებით საქმეები დღემდე გამოუძიებელია და აქედან გამომდინარე, დიახაც, დროული ამგვარი სტრუქტურის შექმნა”, – აცხადებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილმა ახალი უწყების შექმნა დაანონსა, რომელიც აღნიშნულ საკითხებზე იმუშავებს. პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტი იქნება, რომელიც უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებით დაკავდება.