საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპული ქართველი სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა (ვიდეო)
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა. თავდაცვის მინისტრის სახელით გამართული ღონისძიება 2008 წლის აგვისტოს ომში, ISAF-ის საერთაშორისო მისიაში, ასევე 2004 წლის საბრძოლო მოქმედებებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების შვილებს მიეძღვნა.
საახალწლო კონცერტს თავდაცვის მინისტრი მეუღლესთან და შვილებთან ერთად დაესწრო. წარმოდგენის დასრულების შემდეგ, მინდია ჯანელიძემ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნაძვის ხესთან საჩუქრები გადასცა.
მინისტრმა პატარებს და მათ მშობლებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებზე ზრუნვაა.
„ჩვენი მოვალეობა თქვენთან ძალიან აქტიური და ახლო კომუნიკაციაა. ერთად უნდა მოვიფიქროთ და ვიზრუნოთ, თუ როგორ უნდა დავუდგეთ გვერდში ერთმანეთს. აუცილებლად დავიწყებთ მუშაობას გარკვეულ ინიციატივებზე, რომლებიც ჩვენი გმირების ოჯახების მდგომარეობას შეამსუბუქებს. მინდა, რომ ამ ყველაფერს ერთად ჩავუყაროთ საფუძველი. მზად ვარ, თქვენს გვერდით ვიყო. ეს ჩემს მოვალეობად მიმაჩნია. თქვენს გარეშე, იმ ბიჭების ხსოვნის გარეშე არ არსებობს ჩვენი შეიარაღებული ძალების მომავალი“, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=i1RK9lVOASY” width=”560″ height=”315″]