ასკურავას №1-ში მცხოვრებ დევნილებს დღეიდან ბუნებრივი აირი მიეწოდებათ
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია და “ყაზტრანსგაზ თბილისის” სპეციალური მმართველი გია ბენაშვილი ნაძალადევის რაიონში, ასკურავას N 1-ში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულებას დაესწრნენ.
ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ნაძალადევის რაიონში, ასკურავას N1-ში დევნილები და სოციალური დაუცველები ცხოვრობენ.
„დღეიდან ისინი ბუნებრივი აირის მოხმარებას შეძლებენ. 78 ოჯახის სრული გაზიფიცირების ხარჯები ნაძალადევის რაიონის გამგეობამ გასწია. “ყაზტრანსგაზ თბილისის” მიერ შესრულებული სამუშაოსთვის გამგეობამ 40 000 ლარზე მეტი გამოყო. ობიექტის გაზიფიცირების მიზნით მოეწყო 200 მეტრის დაბალი წნევის გაზსადენი და თითოეულ ოჯახში დამონტაჟდა ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძი. მიმდინარე წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, თბილისის მასშტაბით 400-ზე მეტი კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი და 100-ზე მეტი სოციალურად დაცუველი ოჯახი გაზიფიცირდა“, – აცხადებენ სამინისტროში.
ამასთან, ენერგეტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელი კომპანიების შეთანხმებით, მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს ზამთრის პერიოდში ბუნებრივი აირის მიწოდება გადაუხდელობის მიზეზით აღარ შეუწყდებათ. დაგროვილი დავალიანების დაფარვას კი განწილვადებით შეძლებენ.