„სტრასბურგის სასამართლომ დაამტკიცა, რომ სააკაშვილმა და კუბლაშვილმა ჩემ მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვიეს – მათ პასუხი უნდა აგონ“

„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ჩემ მიმართ პოლიტიკურ დისკრიმინაციაში დაადანაშაულა, ამის შესახებ სასამართლოს დადგენილებაში ხაზგასმით ჩაიწერა“,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საფრანგეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ სულხან მოლაშვილმა გააკეთა.
მოლაშვილის თქმით, მის მიმართ წამების მუხლის გარდა სხვა ბევრი მუხლით დაირღვა უფლებები. მოლაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უზენაესი სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში დაადანაშაულა და კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტი მოითხოვა.
„სააკაშვილს შეუძლია, კონკრეტული წამება გადააბრალოს და პასუხისმგებლობა დააკისროს ციხის უბრალო თანამშრომელს, სისხლის სამართლებრივი ნორმის დარღვევა დააბრალოს რომელიმე მოსამართლეს, მაგრამ ის და კოტე კუბლაშვილი ვერსად წაუვლენ იმას, რომ მათ ჩემ მიმართ დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმფცია. პოლიტიკური დისკრიმინაციის ნიშნებით დადგა მიხეილ სააკაშვილმა ჩემი დაკავების სპექტაკლი. ამას წინ უძღოდა პირადი ანგარიშწორება და სააკაშვილის განცხადება, რომ დაიჭერდა ყველას, ვინც მისთვის არასასურველი იქნებოდა. ეს ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში საკმარისი იქნებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის. კუბლაშვილს არ აქვს მორალური უფლება, ვადის ამოწურვამდე დარჩეს თანამდებობაზე. აუცილებლად უნდა იმსჯელოს პარლამენტმა მისი იმპიჩმენტის შესახებ, თუნდაც ეს იმპიჩმენტი მისი ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე მოხდეს. პირადად სააკაშვილს და კუბლაშვილს მოუწევთ, პასუხი აგონ კანონის წინაშე“,- განაცხადა სულხან მოლაშვილმა.
მოლაშვილის განცხადებით, ის აპირებს იბრძოლოს იმისთვის, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს და მისი საქმე ხელახლა იყოს გამოძიებული. საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტები და მტკიცებულებები პირდაპირ აძლევს საფუძველს საქართველოს პროკურატურას, რომ საქმე ხელახლა გადაიხედოს.
სულხან მოლაშვილის განმარტებით, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კონტროლზე აიყვანა და მათთვის ამ საქმეზე ანგარიშის ჩაბარების ვალდებულება საქართველოს მთავრობას დაეკისრა.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის ოთხი მუხლით გაამართლა. სასამართლოს განჩინებით, საქართველოს მთავრობას სულხან მოლაშვილისთვის 20 000 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა და ერთი წლის ვადაში საქმის ხელახალი გამოძიება დაეკისრა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განჩინების მიხედვით, სულხან მოლაშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მესამე, მეხუთე, მეექვსე და მეთოთხმეტე მუხლები. ეს მუხლები, შესაბამისად, შეეხება ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა: თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, დისკრიმინაციისა და წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის დაუშვებლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები