საწარმოსა და რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
ქათმის ხორცის გადამამუშავებელ საწარმოს და რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა საწარმოო პროცესი ქუთაისში მდებარე რესტორან “იმერეთს” და თბილისში, ლილოს დასახლებაში მდებარე შპს “ჯი კომპანას” (ქათმის ხორცის გადამუშავება) შეუჩერეს.
სააგენტოს ცნობით, ინსპექტირებისას რესტორანში გამოვლინდა შემდეგი კრიტიკული შეუსაბამობები: კონდენსატით დაფარული სამზარეულოს ჭერი; კოროზირებული მაცივარი, ხორცის საკიდი კაუჭები და თაროები; ასევე ოთხ მაცივარში აღმოჩნდა საეჭვო წარმომავლობის ხბოს ხორცი, რომელსაც არ გააჩნდა ჯანმრთელობის ნიშანდება – ვეტერინარული მოწმობა ფორმა #2. ქათმის ხორცის გადამამუშავებელ საწარმოში დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა; სეპარაციის საამქროში, სადაც ხდება ქათმის ძვლებისა და რბილობის განცალკევება, ჭერზე აღინიშნა კონდენსატი და ობის სოკოები; დანაწევრებული ქათმის ხორცის ლაბორატორიული ანალიზის შედეგად აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმები (სალმონელა).
აღნიშნული კრიტიკული შეუსაბამობები რესტორნისა და ქათმის ხორცის გადამამუშავებელი საწარმოსათვის საწარმოო პროცესის შეჩერებისა და ბიზნესოპერატორების 1000 ლარით დაჯარიმების საფუძველი გახდა.
შპს “იმერეთი” და შპს “ჯი კომპანი” საწარმოო პროცესის აღდგენას მხოლოდ კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ შეძლებენ.