მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი „არემჯი გოლდის“ გაფიცულ თანამშრომელთა მოთხოვნებს გაეცნო (ვიდეო)

საქართველოს მთავრობა „არემჯი გოლდის“ თანამშრომელთა და დაბა კაზრეთის მოსახლეობის მოთხოვნებს საფუძვლიანად გაეცნობა და გადაწყვეტილებას ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კომპანიაში დასაქმებულ პირებთან და კაზრეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომლებმაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს.
მაია ცქიტიშვილი აქციის მონაწილეების მოთხოვნებს პირადად გაეცნო და „არემჯი გოლდის“ თანამშრომელთა პოზიცია მოისმინა.
მათი ინფორმაციით, სამუშაოების შეჩერების შემთხვევაში, შემოსავლის გარეშე დარჩენა ემუქრებათ. ადგილობრივებმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს მხარდაჭერა სთხოვეს და განაცხადეს, რომ შექმნილ პოლიტიკურ ფონს მათი ოჯახების საარსებო წყარო არ უნდა შეეწიროს.
„ჩვენ ამ საკითხს უფრო დეტალურად გავეცნობით. ამ ეტაპზე ადგილობრივი მოსახლეობა კომპანიისთვის სამუშაოების წარმოების უფლების გახანგრძლივებას ითხოვს, რაც მთავრობის გადასაწყვეტია. მთავრობა ამ თემაზე იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველა იმ მხარის პოზიციას, რომელიც ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია “არემჯი გოლდის“ თანამშრომლებმა და საყდრისის საბადოზე დასაქმებულებმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაინაცვლეს. ათასზე მეტი ადამიანი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან დილდან შეიკრიბა.
კომპანია “არემჯი გოლდის“ თანამშრომლები და საყდრისის საბადოზე დასაქმებულები „არემჯი გოლდისთვის” ლიცენზიის გაგრძელებას ითხოვენ. ამასთან, საბადოზე დასაქმებულების თქმით, რამდენიმე კვირაში კომპანიას ოქროს მოპოვების უფლება ეწურება და შესაძლოა, კაზრეთში სამუშაოები საერთოდ გაჩერდეს და იქ დასაქმებულები უმუშევრად დარჩნენ.
მათივე თქმით, ბოლნისის რაიონის მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ აღნიშნულ საბადოზეა დასაქმებული და ოჯახებს სწორედ ამ სახსრებით არჩენს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=mdrqKnp5WFw” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები