შურისძიება დედისა და მეუღლის ცემისთვის – რამ შეძრა ნაფიცი მსაჯულები?

         შურისძიება დედისა და მეუღლის ცემისთვის – რამ შეძრა ნაფიცი მსაჯულები?, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, შემთხვევა უნიკალური მაგალითია ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობისა. თუმცა, ამ ფაქტს გაგრძელება მოჰყვა, რომლის შედეგადაც ხუთჭიდში საქართველოს ნაკრების წევრი, ვახტანგ წერეთელი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. გორის რეგიონალურმა პროკურატურამ მას ბრალი დასდო ოთხი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-ტარებაში. საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა მოისმინეს და რამდენიმე დღის წინ გამამართლებელი გადაწყვეტილება მიიღეს.
ისტორიას მსჯავრდადებულ ვახტანგ წერეთლის დედა მარინა თათანაშვილი იხსენებს.

– იმ დღეს გასვენებიდან ვბრუნდებოდით. სასაფლაოს გვერდით არის საბანკეტო დარბაზი… მოგეხსენებათ, ეს ხდება 25 მარტს. სახლში სტუმრები გველოდებოდნენ. გზაში ჩემს შვილს სიგარეტი მოუნდა. გავჩერდით მაღაზიასთან. საჭესთან ნიკა იჯდა. გვერდით ვიჯექი მე, უკან კი – ვახტანგი, მისი მეუღლე მარი, მისი შვილი ვატო და ნიკას შვილი, თორნიკე. ბავშვები 5 და 6 წლისები იყვნენ. ვახტანგი მაღაზიაში გადავიდა. ამ მაღაზიასთან სამი, ან ოთხი ახალგაზრდა იდგა. მიესალმა მათ და შევიდა. ამასობაში გამოვიდა მაღაზიის მეპატრონე, რომელიც ამავდროულად კასპის საავადმყოფოში მუშაობს. ჩამომიდგა ფანჯარასთან. მესაუბრებოდა დედაჩემზე. ვახტანგი როგორ გამოვიდა მაღაზიიდან და რა მოხდა, არაფერი დამინახავს, ვინაიდან ეს ქალბატონი მეფარებოდა. ჩემი რძალი ჯერ ჩვენ გვისმენდა. მერე უცებ შეკრთა, რაღაც ხდებაო. დავინახე, როგორ მიჰყავდათ ვახტანგი მაღაზიის გვერდით.
– ძალით მიჰყავდათ?
– ძალით არა, მაგრამ თვალშისაცემი იყო, რომ რაღაც არასასიამოვნო ხდებოდა… ჩემი უფროსი ვაჟი ამ დროს ტელეფონზე ვიღაცას ესაუბრებოდა. რა თქმა უნდა, გადავედით მანქანიდან… ნიკამაც გათიშა ტელეფონი. შემთხვევა 10-15 მეტრში ხდებოდა. ადგილზე რომ მივედით, ჩემი შვილი მიწაზე იყო დაგდებული და ორი ახალგაზრდა ურტყამდა ფეხებს. მარი მივარდა თავის მეუღლეს. მე ავეფარე. ნიკამ მეორე ბიჭი გაიყვანა. მე ლაპარაკი დავუწყე ერთ-ერთს, ცოტა ტონით – როგორ არ გრცხვენია, დედა 2 საათის წინ მიწას მივაბარე და ჩემს შავებს მაინც ეცი პატივი. განა ისეთი რა უნდა მომხდარიყო, რომ ამ ზომამდე მიხვედით-მეთქი. ერთი სიტყვით, ასეთი შეგონებით ვესაუბრებოდი. მე ზურგით ვიდექი ჩემი შვილებისკენ და არ ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემ უკან. ეს თაბუაშვილი, ვისაც ველაპარაკებოდი, თავდახრილი მისმენდა. მეგონა, ძალიან შერცხვა, აწევდა თვალებს და მეტყოდა, ბოდიში, ქალბატონო, შეგვეშალაო. ამან კი ამომხედა, გადი, ქალო, იქითო, გამკრა ხელი და გადამაგდო. ჩემ უკან კი ჩემი შვილი უკვე ფეხზე იდგა. გაქანდა მისკენ დასარტყმელად. რა თქმა უნდა, მისი მეუღლე წინ აეფარა, იმ მოტივით, რომ იფიქრა, ქალი ვარ და არ შემეხებაო. ამ დროს კი თაბუაშვილის შემოქნეული მუშტი სახეში მოხვდა. ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. ჩვენ რომ გვეგონა, რომ ბავშვები მანქანაში იყვნენ, ვატოს ისტერიკული ტირილი მოგვესმა. ის მანქანიდან გადმოსულა და და ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა, მათ შორის ისიც, რომ ვიღაცამ დედამისს ხელი დაარტყა. ისე ტიროდა ბავშვი, რომ გვეგონა, მასაც რაღაც დაემართა. ერთადერთი ის მახსოვს, ვყვიროდი, – ბავშვი არ გამიგიჟოთ, ძალიან შეეშინდა-მეთქი და ყველანი მისკენ გავქანდით. ეს საშინელი კივილი იყო. ბავშვი გადაბჟირდა. თაბუაშვილი სახლისკენ ყვირილით გაიქცა, – მე ვარ ვახო თაბუაშვილი და ნახეთ, რას გიზამთო. ამ დროს მეზობლის ქალი მორბის ქვევიდან და ყვირის, – ჩქარა გადით აქედან. ეს ბიჭი არანორმალურია, სახლში თოფი აქვს, გამოიტანს და რამე არ მოხდესო. ბავშვი მანქანაში არაფრით ჩაჯდა… ფეხით გავაგრძელეთ გზა სახლამდე.
ზურაბ თოდუა, ადვოკატი:
– ვახტანგ წერეთელი საქართველოს ნაკრების წევრია ხუთჭიდში. ევროპის ჩემპიონატზეც გამოდიოდა. არაჩვეულებრივი მსროლელი, შესანიშნავი მოცურავე, მოფარიკავე, მორბენალი… ეს შემთხვევა კასპის რაიონის სოფელ დოესში დაიწყო…
– თუ ხართ საქმის კურსში, კონფლიქტი რატომ დაიწყო?
– ვახტანგმა ის ბიჭები, რომლებიც მაღაზიასთან დახვდნენ, სახლში მიიპატიჟა, ბებიის შესანდობარის დასალევად… უკან მობრუნებულს, ერთ-ერთმა, გვარად ყეინაშვილმა, შეურაცხმყოფელი სიტყვა მიაძახა. ვახტანგი მიბრუნდა. ორმა მაღაზიის უკან გაიყვანა, ძირს დააგდეს და შედგნენ წიხლებით…
– ამ სპორტსმენ ბიჭს ასე ადვილად მოერია ორი კაცი?
– ისინიც ფიზიკურად ძლიერები იყვნენ, ე.წ. სოფლის მუსკულატები… სახლში რომ დაბრუნდნენ, ვახტანგის ძმა და რამდენიმე ნათესავი თაბუაშვილთან სახლში წავიდნენ, ვინაიდან ქალებს ხელი სწორედ მან დაარტყა. არ გამოვიდა, დაიმალა თხუნელასავით. მეორე დღეს წერეთელი და მისი ოჯახი თბილისში ჩამოვიდა. მას დაურეკა თაბუაშვილის ნათესავმა. გოგიტად წარუდგა. ამ კაცმა ითამაშა შუამავლის როლი. შეხვდნენ ერთმანეთს. მორიგდნენ, რომ, თუ თაბუაშვილი ბოდიშს მოიხდიდა, კონფლიქტი ამოიწურებოდა. შეთანხმება შედგა – 28 მარტს ვახტანგი დოესში უნდა წასულიყო, რომ თაბუაშვილთან შერიგებულიყო. უკვე წასვლას აპირებდა საკუთარი მანქანით, როცა მის ტელეფონზე ზარი გაისმა… რასაც ახლა გიყვებით, ყველაფერი ანძებით გამოვიკვლიე და მსაჯულებსაც მოდელირებული სიუჟეტებით წარმოვუდგინე.
– ვინ დაურეკა წერეთელს?
– აღმოჩნდა, რომ ყეინაშვილის სიძე იყო. შეხვედრა თხოვა. გადაწყდა, რომ წერეთლის კორპუსთან უნდა მისულიყვნენ დიდ დიღომში. დღის პირველი საათი იყო, როდესაც მანქანა მოვიდა. გადმოვიდა ხუთი კაცი. იმ დროს ეზოში მეზობლის ბიჭები თამაშობდნენ დომინოს. მანქანიდან გადმოსულებიდან ერთ-ერთმა ვახო იკითხა, გავიდეთ, ვილაპარაკოთო. გავიდნენ… რაღაც არ მოეწონა ვახოს, რადგან ეს ბიჭი ტანსაცმელზე უშნოდ იკიდებდა ხელს. მოუსვა ხელი და იარაღი უპოვა. დაარტყა, დააგდო ძირს, ჩემთან იარაღით რატომ მოხვედიო. უბნის ბიჭებიც მივიდნენ და ეს ხუთი კაცი გააპანღურეს. მერე სამი კაცი ჩაუჯდა მანქანაში და გაყვა. გზაში ნათესავს დაურეკა, სოფელ ახალქალაქში მცხოვრებს, ბიჭები მოვდივართ და ცოტა პური ვჭამოთო. მერე თაბუაშვილს დაურეკა, შეხვედრაზე ისევ შეთანხმდნენ. სოფელში რომ შევიდნენ, თაბუაშვილი გზაზე დახვდა. მანქანაში არ ჩაუჯდა, კაკლებში შევხვდეთო. მოილაპარაკეს…
ვახტანგი ჯერ პაპამისის სახლში მივიდა. უთხრა, ოც წუთში დავბრუნდებით და ბებოს შესანდობარისთვის ორი ლუკმა წასახემსებელი გაამზადეო… მანქანაც იქ დატოვა, გასაღებიც და მობილურიც. თვითონ ფეხით წავიდნენ. თაბუაშვილი კაკლებში შვიდ თანასოფლელთან ერთად დახვდა. მათი დაკითხვის დროს გაირკვა, რომ თაბუაშვილის ზარის შემდეგ მივიდნენ ადგილზე, – წერეთელია შესარიგებლად ჩამოსულიო. მსაჯულები დაინტერესდნენ, თუ შერიგებას აპირებდით, ამდენი ხალხი რა საჭირო იყოო. უპასუხეს, სამუშაო არ გვაქვს, სოფელში მიზეზზეა ყველა, თითო ჭიქის დალევას ვაპირებდით შერიგების შემდეგო. თაბუაშვილი და წერეთელი 10-15 მეტრით მოშორებით გაცალკევდნენ. გადაწყვიტეს, გოგიტას დაკავშირებოდნენ. თაბუაშვილმა საკუთარი მობილური ტელეფონიდან დაურეკა. ორივეს დაელაპარაკა, დარწმუნდა, რომ შეთანხმება შერიგებაზე ძალაში იყო. ამ საუბრის შემდეგ თაბუაშვილმა ტელეფონი ჩაიდო ჯიბეში. ვიღაცამ დაურეკა… გაუთიშა. მალევე ყეინაშვილმა დარეკა. ამ დროს მან უკვე იცის, რომ მის სიძესა და მეგობრებს წერეთელმა იარაღი წაართვა… თაბუაშვილს უთხრა, წერეთელს დამალაპარაკეო. შეუთანხმდა, მეც მოვალ ერთ საათში, დამელოდეო. თაბუაშვილთან რა საუბარი მოხდა, ვერ გაირკვა, მაგრამ ფაქტია, რომ შესარიგებლად გამზადებული ადამიანი, ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ აიჭრა. ჩაიდო ტელეფონი ჯიბეში. ამოიღო ხანჯალი და გაექანა წერეთლისკენ. ამანაც ამოიღო ყეინაშვილის სიძისთვის წართმეული „მაკაროვი“ და ესროლა ფეხებში. ამასობაში თაბუაშვილთან ერთად მოსული რვა კაციდან ოთხი გამოექანა მისკენ… ჰაერში გაისროლა, არ მომიახლოვდეთო. ორი ადამიანი დაჭრილ თაბუაშვილს მივარდა. ერთი, გივი ბარჯაძე, წერეთელს დანით გაეკიდა. ჩაარტყა ზურგში. მოუტრიალდა წერეთელი, ამან ლულაზე უტაცა ხელი. ტყვიამ სწორედ ხელში გაუარა… წერეთელი ისევ გაიქცა. ამასობაში გივი ბარჯაძის ძმა, თამაზი დაეწია და მანაც ჩაარტყა ზურგში დანა. ამას უკვე სამი ტყვია ესროლა…
– სად დაჭრა?
– მუცელში და ფეხში… გივი ბარჯაძე მივარდა ახლა ისევ. ერთ ხელში დაჭრილი იყო. მეორეში ისევ დანა ეჭირა. წააქცია. ეს დანა წერეთელმა წაართვა და ჩაარჭო უკანალში. დანის წართმევის დროს მთელი ხელის მტევანი დაესერა. ეს ისეთი მტკიცებულება იყო, რომ სასამართლოზე ვერავინ გაექცეოდა. ამ დროს მას თავის უბნელები წამოეშველნენ და დაჭრილი გაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან. იქ კი სამი დაჭრილი დარჩა – თაბუაშვილი და ძმები ბარჯაძეები. ისინი საავადმყოფოში წაიყვანეს. ერთი მეორე დღესვე გამოწერეს საავადმყოფოდან. დანარჩენი ორი კი 6 და 8 აპრილს. ბუნებრივია, ინფორმაცია სამართალდამცველებამდეც მივიდა. პროკურატურამ საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობით აღძრა. არავის გამოუძიებია, რა უნდოდა ამ კაცს იმ სოფელში და იმ ადგილას. რა ხდებოდა კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის მანამდე, იარაღი საიდან მოიტანა… არაფერი გამოუძიებიათ… იარაღის იდენტიფიცირებაც არ მოხდა…
– მას მეოთხე ადამიანის მკვლელობის მცდელობაც ედებოდა ბრალად. ეს ვინ იყო?
– 2013 წლის 26 სექტემბერს მოხდა ეს შემთხვევა: ვახტანგ წერეთლის ბიძა, თათანაშვილი მეგობრებთან ერთად რესტორანში ქეიფობდა. იქ კონფლიქტი მოუვიდა სუფრის წევრებთან. გალახეს და გამოაგდეს. ისინიც ვახტანგ წერეთლის უბანში ცხოვრობდნენ, მათ შორის ბიძამისიც, რომელიც სუფრის წევრებისგან განაწყენებული მათ დაბრუნებას უბანში ელოდებოდა. როცა ისინი მთვრალები დაბრუნდნენ, ერთ-ერთმა ავტობუსის გაჩერებას მიაშარდა. ამაზე სხვებთან ჩხუბი მოუვიდათ. წერეთლის ბიძაც მივიდა იქ ჩხუბის დროს. ვიღაცამ ამ დროს ერთ-ერთს, რომელიც სუფრის წევრი იყო, გვარად ფირუზაშვილს, შტირი უჩხვლიტა. ექსპერტიზამ მძიმე დაზიანება უჩვენა, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაციას იძლეოდა… პოლიცია დაერiა უბნის ბიჭებს. ხან ვინ მიჰყავდათ, ხან – ვინ. რაკი ამ კონფლიქტში ბიძამისი მონაწილეობდა და ამ დროს სრულიად უდანაშაულო ხალხს აწიოკებდნენ, ამიტომ ვახტანგმა თვითონ აიღო ეს დანაშაული თავის თავზე, როდესაც საერთოდ არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე. რომ იბრალებდა, ამას სამართალდამცველებიც ხვდებოდნენ და ვერ დაიჭირეს წერეთელი ამის გამო. საქმესაც მხოლოდ განზრახ მძიმე დაზიანების კვალიფიკაცია მისცეს მხოლოდ… როდესაც 2014 წლის 28 მარტ სოფელ დუესში მოხდა ის შემთხვევა, რომლის შესახებაც უკვე გიამბეთ, გორის რეგიონალურმა პროკურატურამ ეს საქმეც გამოითხოვა თბილისიდან და კვალიფიკაციაც შეცვალა. ასე რომ, მეოთხე ადამიანი, რომლის განზრახ მკვლელობის მცდელობაც წერეთელს ედებოდა ბრალად, ეს ფირუზაშვილი იყო…
– რამდენადაც ვიცი, კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი პირი, თამაზ ბარჯაძე დღეს გარდაცვლილია. ეს 28 მარტის შემთხვევას უკავშირდება?
– როგორც უკვე მოგახსენეთ, თამაზ ბარჯაძე 8 აპრილს გამოწერეს საავადმყოფოდან. 25 აპრილს ცუდად გახდა. გადმოიყვანეს თბილისში. ოპერაციის დროს გარდაიცვალა. გამოძიება ცდილობდა, 28 მარტის შემთხვევასთან დაეკავშირებინა გარდაცვალების მიზეზი. ორმა ექსპერტიზამ ვერ უპასუხა. ხოლო მესამე კომისიურმა ექსპერტიზამ, რომელიც 16 დეკემბერს დაინიშნა, ბუნდოვანი დასკვნა გასცა – სიკვდილის მიზეზად ვირუსი კომენსოლი დაასახელა, რომელიც თურმე ყველა ადამიანს აქვს და შესაძლოა, ჭრილობების შედეგად განვითარდეს, მაგრამ იმის პროგნოზირება, როდის გაიღვიძებს ეს ვირუსი, გამორიცხულია. გამოღვიძების შემთხვევაში კი, ოთხმოცი პროცენტი ლეტალურად მთავრდებაო. რა თქმა უნდა, ლოგიკურია კითხვა, თუ სამედიცინო პერსონალმა იცის, რომ შესაძლოა ეს ვირუსი განვითარდეს, რატომ არ დატოვა ის სტაციონარში საბოლოო გამოჯანმრთელებამდე? ერთი სიტყვით, ეს ბიჭი გარდაიცვალა სეფსისით, რომელიც ამ ვირუსმა განუვითარა. ბრალდებას კი უნდოდა ბმა, რომ ვირუსი, თავის მხრივ, გამოწვეული იყო წერეთლისგან მიყენებული ჭრილობებით. საბოლოო ჯამში, ამ ფაქტით წერეთლის არა, მაგრამ სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობის საკითხი ნამდვილად გამოიკვეთა.
– ნაფიცი მსაჯულების საბოლოო გამამართლებელ განაჩენზე რამ იმოქმედა – ქალებზე ძალადობის ფაქტმა, თუ დაუმტკიცეთ, რომ ეს ყველაფერი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოხდა?
– ყველაფერმა ერთად. თანაც მსაჯულებმა კარგად დაინახეს ისიც, რომ ბრალდებამ მუშაობა დააკლო ამ საქმეს. ჩვენ კი მთელი გამოძიება გვქონდა ჩატარებული. სხვათა შორის, მოწმეები, რომლებიც სასამართლოზე წარმოვადგინეთ, გამოძიებას არ გამოვუჩინე.
– რატომ?
– როცა მათ სასამართლოზე კითხავდნენ, იქ ისე ანგაჟირებულად წარმოადგინა ისინი პროკურატურამ, რომ ადვილი წარმოსადგენია, რას უზამდნენ მათ წინასწარი გამოძიების პროცესში…
– რას გულისხმობთ?
– ერთ-ერთი მოწმე, მაგნატის მეპატრონის, ჯემალ ლეონიძის შვილი იყო. ამას გაუსვეს ხაზი, მამა ნასამართლევი ჰყავსო… მეორეს, ფარქოსაძეს საქმე სტრასბურგში აქვს და ამაზე „ივაჭრეს“, არ დაუჯეროთ, ნასამართლევიაო… თავად განსაჯეთ, რას უზამდნენ მათ წინასწარ გამოძიებაში რომ მიმეყვანა… ის კი არა, როცა სასამართლოზე წარმოვადგინე მათი სია, იმის მერეც დაიბარეს პროკურატურაში უწყებებით – თუ დაინახეთ, როგორ წაართვა წერეთელმა უცნობ პირს იარაღი, რატომ არ განაცხადეთო. ანუ დანაშაულის დაფარვაზე მიჰყავდათ… ამ დროს კი წერეთელმა განაცხადა სასამართლოზე, მე მოვატყუე მათ, სათამაშო იარაღი ყოფილაო… ამით გადარჩნენ… ერთი სიტყვით, ერთი თვის განმავლობაში სხდომები ყოველდღე ტარდებოდა და საბოლოოდ ის შედეგი მივიღეთ, რის შესახებაც თქვენც ინფორმირებულები ხართ – მსაჯულებმა წერეთელი მხოლოდ იარაღის უკანონო შეძენა-ტარებაში ცნეს დამნაშავედ… განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაწილში კი გაამართლეს…
ბუნებრივია, „პრაიმტაიმი“ პროკურატურასთან დაკავშირებასაც შეეცადა. პროკურორ ირაკლი მირცხულავასთან მოკლე, პრაქტიკულად, არაფრისმთქმელი დიალოგი შედგა:
– ამასთან დაკავშირებით მიმართეთ პროკურატურის პრესსამსახურს და ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდიან.
– იქნებ დაზარალებული მხარის კოორდინატები მოგვცეთ, მათ მაინც შეიძლება ჰქონდათ რამე სათქმელი…
– ამაზეც პროკურატურის პრესსამსახურს მიმართეთ…
სიმართლე გითხრათ, არც გაგვკვირვებია, რომ მრავალი უშედეგო ცდისა და შეტყობინების დატოვების მიუხედავად, პროკურატურის პრესსამსახურმა ჩვენთან კავშირზე გამოსვლა არ ისურვა… რამდენად სწორია ეს ტაქტიკა და რამდენად ადგება ის პროკურატურის იმიჯს, დღევანდელი სურათით მკითხველი, ალბათ, თავად განსჯის. მანამდე კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო ბრალდებას ანგარიშში კიდევ ერთი წაგებული საქმე მიეთვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები