ფინანსთა სამინისტრო: მობილური ტელეფონები წარმოადგენდა კონტრაბანდულ საქონელს

ფინანსთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ დოკუმენტს ეხმაურება, სადაც სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებმა მობილური ტელეფონები: Iphone 5 შეიძინეს.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მობილური ტელეფონები უწყების მაღალჩინოსნებს ბიუჯეტის ხარჯზე არ შეუძენიათ.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მობილური ტელეფონები კონტრაბანდულ ტვირთს წარმოადგენდა.
“ეს მობილური ტელეფონები წარმოადგენდა კონტრაბანდულ, ჩამორთმეულ, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულ ქონებას. გამომდინარე იქიდან, რომ ტელეფონებს არ ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტაცია, სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, მიუხედავად მცდელობისა, ისინი ვერ იქნა რეალიზებული. ამიტომ, ერთი წლის წინ, ფინანსთა მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის და 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული საჩუქრით მომხდარიყო თანამშრომელთა წახალისება”, – აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გოგა ხაჩიძემ ფეისბუქის პირად გვერდზე გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბრძანების ასლი თანამშრომელთა წახალისების შესახებ.
ბრძანება გასულ წელს, 2013 წლის 8 ნოემბერს არის გაცემული და მის მიხედვით ირკვევა, რომ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საკუთარ თავს, მის სამ მოადგილეს, სამინისტროს ბიუროს უფროსს, სამინისტროს ბიუროს უფროსის ორ მოადგილეს, საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსს, დავების განხილვების სამსახურის უფროსს და საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს, სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისთვის ფასიანი საჩუქარი – მობილური ტელეფონი – Iphone 5 გამოუწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები