„ბოკო ხარამის“ ტერორისტებმა ტყვედ 185 ქალი და ბავშვი აიყვანეს
ნიგერიაში ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ხარამის“ წევრებმა ნიგერიულ სოფელ გუმსურზე თავდასხმის შედეგად 185 ქალი და ბავშვი ტყვედ აიყვანეს. CNN–ის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. ტერორისტებმა, რომლებიც პიკაპებით გადაადგილდებოდნენ, თავდაპირველად სოფელში მცხოვრები მამაკაცები დახოცეს, შემდეგ კი ქალების და ბავშვების დატყვევებას შეუდგნენ. ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, ტერორისტებმა სოფელში სახლები დაწვეს.
„ბოკო ხარამი“ რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებაა, რომელიც ნიგერიასა და მის მეზობელ ქვეყნებში მოქმედებს. ისინი შარიათის წესებით მოქმედების და დასავლური გავლენის წინააღმდეგ გამოდიან. თავდაპირველად მათი თავდასხმების ობიექტები ძირითადად არმიის და პოლიციის ნაწილები იყვნენ, ბოლოს დროს კი რელიგიურ საზოგადოებებსა და მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს.
ერთ–ერთი ყველაზე რეზონანსული თავდასხმა „ბოკო ხარამის“ წევრებმა 2014 წლის აპრილში, ქალაქ ჩიბოკში განახორციელეს, რა დროსაც 276 სკოლის მოსწავლე გოგონა დაატყვევეს. მათგან 57 გოგონამ უკან დაბრუნება მოახერხა. ნოემბრის დასაწყისში დაჯგუფების ხელმძღვანელმა აბუ ბაქარ შეკაუმ განაცხადა, რომ 219 ტყვე გოგონამ ისლამი მიიღო და ისინი მებრძოლების ცოლები გახდნენ.