პუტინი: რუსეთი მზადაა, მოსკოვში საქართველოს პრეზიდენტი ან პრემიერი მიიღოს

რუსეთი მზადაა, მოსკოვში საქართველოს პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი მიიღოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრესასთან შეხვედრისას განაცხადა.
„თუ ქართული მთავრობა ჩათვლის შესაძლებლად, მოხარულები ვიქნებით საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლის – პრეზიდენტის, პრემიერის ხილვით“, – განაცხადა პუტინმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა და საქართველომ საერთო ენა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დროს გამონახეს.
„თბილისმა ამას წინააღმდეგობა არ გაუწია, მოსკოვმა კი ქართული საქონლისთვის რუსეთის ბაზარი გახსნა. ეს ძალიან კარგი ჟესტი იყო“, – განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ რუსეთი შემდგომშიც მზადაა თანამშრომლობის განვითარებისთვის.
პუტინის აზრით, საქართველოსთან ურთიერთობისას საჭიროა რეალობიდან გამომდინარე მოქმედება. პირველ ეტაპზე პირდაპირი კონტაქტები უნდა დამყარდეს და პოლიტიკური დიალოგი დაიწყოს.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა არაფრის პროვოცირებას არ ახდენს და 2008 წელს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო.
მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას კი პუტინმა თქვა, რომ „მას ახლა დევნიან იქით-აქეთ, როგორც ტილიანს აბანოში. მაგრამ ჩვენ აქ არაფერ შუაში ვართ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები