პუტინი: ჩვენ იერიშზე არ გადავდივართ და თავს არავის ვესხმით, ჩვენ ეროვნულ ინტერესებს ვიცავთ

რუსეთის პრეზიდენტისა და ჟურნალისტების შეხვედრაზე უცხოელი ჟურნალისტების მხრიდან პირველი შეკითხვა „ქვეყნის აგრესიული პოლიტიკის შესახებ“ დაისვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კრემლი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს იცავს.
„ჩვენ იერიშზე არ მივდივართ და თავს არავის ვესხმით, ჩვენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვიცავთ“, – განაცხადა პუტინმა. რუსეთის ლიდერის თქმით, 90-იანი წლების დასაწყისში ქვეყანამ სრულად შეაჩერა სამხედრო სტრატეგიული ავიაციის ფრენა, ამერიკული ავიაცია კი ფრენებს განაგრძობდა.
„რისთვის, ვის წინააღმდეგ? და ჩვენ ვახდენთ პროვოცირებას?“, – განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, რუსეთმა სტრატეგიული ავიაციის ფრენა მხოლოდ 2-3 წლის წინ აღადგინა.
“რაც შეეხება სამხედრო ბაზებს, რუსეთს მხოლოდ 2 ბაზა აქვს მსოფლიოში – ყირგიზეთში. ჩვენ ბაზა იქ მას შემდეგ შევქმენით, როდესაც ქვეყანაში ავღანეთიდან „ბოევიკები“ შეიჭრნენ. და თურქმენეთში – ავღანეთის საზღვართან. ამერიკული ბაზები კი მთელ მსოფლიოშია. და თქვენ გინდათ თქვათ, რომ ჩვენ ვიქცევით აგრესიულად?“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი 50 მილიარდია, როდესაც პენტაგონის თავდაცვის ბიუჯეტი – 550 მილიარდზე მეტია. გარდა ამისა, პუტინმა აღნიშნა, რომ აშშ ცალმხრივად გავიდა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შეთანხმებიდან.
„ეს საფრთხეს შეგვიქმნის და გინდათ თქვათ, რომ ჩვენ ვატარებთ აგრესიულ პოლიტიკას?“ „ჩვენ თანაბარი ურთიერთობები, მაგრამ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით გვსურს“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, რუსეთი ბევრ კომპრომისზე წავიდა. „ვთვლი, რომ ჩვენ მართლები ვართ, დასავლელი პარტნიორები კი ტყუიან“. გარდა ამისა, პუტინის მოსაზრებით, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ცალმხრივად და აბსოლუტურად უსამართლოდ დაწესდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ლიდერის განცხადებით, კრემლი ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობისთვის მზადაა, თუ ამას პარტნიორები მოისურვებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები