ევროპარლამენტმა, ფაქტობრივად, პალესტინა აღიარა

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც ფაქტობრივად მხარს უჭერს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. ეს კომპრომისული გადაწყვეტილებაა ევროკავშირის წევრ ქვეყნების შორის, ვინც პალესტინის სახელმწიფოებრიობის დაუყოვნებლივ აღიარებას ითხოვდა და მათ შორის, ვინც ფიქრობს, რომ ეს პროცესი შეუძლებელია ისრაელთან კოოპერაციის გარეშე. ევროპარლამენტის რეზოლუცია 498 ხმით 88-ის წინააღმდეგ დამტკიცდა. დოკუმენტში ნათქვამია: „ევროპარლამენტი პრინციპში პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას მხარს უჭერს, ის ყოველ სტადიაზე მშვიდობიანი მოლაპარაკებების განვითარების თანხლებით უნდა მიმდინარეობდეს, მას მსოფლიო ხელშეწყობა სჭირდება“.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლო ინსტანციამ პალესტინის მოძრაობა „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა.”
მოსამართლეები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ გადაწყვეტილება არა მოძრაობის ქმედებების ანალიზზე დაყრდნობით, არამედ პრესაში და ინტერნეტში გამოქვეყნებული პუბლიკაციებიდან მოპოვებული მონაცემების ინტერპრეტაციის თანახმად იყო მიღებული. სასამართლოს დადგენილებით, მისი ვერდიქტი ტექნიკური ხასიათისაა და არ არის „ჰამასის“ კლასიფიკაციის, როგორც ტერორისტული ორგანიზაციის, გადაფასება. გარდა ამისა, დადგენილებაში ნათქვამია, რომ დაჯგუფების დაფინანსების აკრძალვა ჯერჯერობით ძალაში რჩება.
ცნობისთვის, „ჰამასის“ წესდება ისრაელის განადგურების მოწოდებას შეიცავს. ზაფხულში მისი შეიარაღებული ფორმირებები ღაზას სექტორში ისრაელის არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობდნენ. ისრაელი, აშშ და რამდენიმე სხვა ქვეყანა აცხადებს, რომ „ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაციაა, რადგან მოძრაობა ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე უარს არ აცხადებს. მოძრაობამ, რომელიც 1987 წელს დაფუძნდა, 2006 წელს პალესტინის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ღაზას სექტორში საკუთარი პოზიციები გაამყარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები