ობამამ ოფიციალურად გამოაცხადა კუბასთან ურთიერთობის ნორმალიზაციის დაწყების შესახებ
აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ოთხშაბათს, თეთრ სახლში გამოსვლისას კუბასთან ურთიერთობის ნორმალიზაციის პოლიტიკის დაწყების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
„ეს 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენი პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ჩვენ დავასრულებთ მოძველებულ მიდგომებს, რომელიც ათწლეულების მანძილზე არ გვეხმარებოდა ჩვენი ინტერესები წინ წამოგვეწია. ამის ნაცვლად ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას დავიწყებთ“ – განაცხადა ობამამ.
როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი, აშშ–ს მხრიდან ათწლეულების მანძილზე კუბის იზოლაციამ არ შექმნა იმის შესაძლებლობა, რომ დემოკრატიული, აყვავებადი, სტაბილური კუბა შექმნილიყო.
„ჩვენ არ შეგვიძლია ისევ იგივე გავაკეთოთ და სხვა შედეგებს დაველოდოთ. ვუბიძგოთ კუბას კოლაფსისკენ, ეს ამერიკის და არც კუბელი ხალხის ინტერესებში არ არის“ – განაცხადეს თეთრ სახლში.
თუმცა კუბის წინააღმდეგ არსებული სანქციების მოხსნაზე საუბარი არ ყოფილა, რადგან სანქციების დაწესება კონგრესის პრეროგატივაა და მის მოსახსენელად ისევ კონგრესის თანხმობაა საჭირო.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ კუბის ხელისუფლებამ დაპატიმრებული ამერიკელი ალან გროსი გაანთავისუფლა, რომელიც შპიონაჟის ბრალდებით იყო დაკავებული. გრასის განთავისუფლება კუბას და აშშ–ს შორის დაკავებულების გაცვლის შეთანხმების ფარგლებში მოხდა. გარდა ამისა, კუბამ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაპატიმრებული კიდევ ერთი ამერიკელი აგენტი გაანთავისუფლა. თავის მხრივ აშშ–მ სამი კუბელი აგენტი გაანთავისუფლა, რომლებიც შპიონაჟის მუხლით 2001 წელს დააპატიმრეს.