რუსმა მილიარდერებმა ბოლო დღეებში 10 მილიარდი $, ხოლო წლის განმავლობაში 64 მილიარდი $ დაკარგეს

20 უმდიდრესმა რუსმა მილიარდერმა რუსეთში ფინანსური კრიზისის აქტუალურ ეტაპზე, მხოლოდ გასული კვირიდან დღემდე დაახლოებით 10 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგეს. ამ ინფორმაციას რუსული სააგენტო „იტარ–ტასი“ „Bloomberg Billionaires Index“–ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. 2014 წლის დასაწყისიდან 20 უმსხვილესი რუსი მილიარდერის დანაკარგი 64 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს და ამჟამად ისინი 174 მილიარდი აშშ დოლარის აქტივებს ფლობენ.
„Bloomberg“–ის მონაცემებით ჯამში ყველაზე დიდი დანაკარგი „ნოვატეკას“ თანამესაკუთრეებმა გენადი ტიმჩენკომ და ლეონიდ მიხელსონმა განიცადეს, შესაბამისად მათ 7,8 მილიარდი $ და 8,7 მილიარდი $ დაკარგეს. მნიშვნელოვნად შემცირდა „USM Holdings“–ის დამფუძნებლის, უმდიდრესი რუსი მილიარდერის ალიშერ უსმანოვის აქტივები. უსმანოვმა 6,8 მილიარდი $ დაკარგა და უმდიდრეს რუსებს შორის პირველობა ვიქტორ ვეკსელბერგს დაუთმო, რომელმაც „მხოლოდ“ 1,2 მილიარდი $ დაკარგა. ამჟამად ვეკსელბერგის ქონება 13,6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და უსმანოვის აქტივებს 239 მილიონი $–ით აღემატება. დიდი დანაკარგი განიცადა ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის ძირითადმა მფლობელმა ვლადიმერ ლისინმა, რომლის ქონებაც 7,5 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა. უკანონო პრივატიზაციის თაობაზე მიმდინარე გამოძიებების კვალდაკვალ კომპანია „სისტემას“ თანამეპატრონის ვლადიმერ ევტუშენკოს დანაკარგი წარმოდუგენლად დიდია. მან ქონების მთელი 90 % ანუ 9 მილიარდი $ დაკარგა. „ეს–ემ–პე ბანკის“ თანამესაკუთრის არკადი როტენბერგის დანაკლისს „Bloomberg“–ი 2,3 მილიარდი $–ით აფასებს.

2014 წელს 20 უმდიდრესი რუსი ბიზნესმენიდან თავისი ქონების გაზრდა მხოლოდ „UC Rusal“–ის თანამესაკუთრემ ოლეგ დერიპასკამ მოახერხა, რომლის აქტივებიც წლის განმავლობაში 855,5 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები