სერგეი ლავროვი: რუსეთზე ზეწოლის მცდელობები უპერსპექტივოა
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსეთზე ძალისმიერი ზეწოლის განხორციელების შეწყვეტაზე საუბრობს. ამ საკითხზე კომენტარი ლავროვმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ჯონ ქერისთან რომში შეხვედრისას გააკეთა. „უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით სიტუაციის კონტექსტში აქცენტი გაკეთებულია მინსკის შეთანხმებების შესრულების აუცილებლობაზე და ამ მიზნით საკონტაქტო ჯგუფის სასწრაფო შეკრებაზე. ორმხრივი ურთიერთობების განხილვისას, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობების განვითარება მხოლოდ თანასწორობაზე დაყრდნობით და ინტერესების საერთო გათვალისწინებითაა შესაძლებელი. რუსეთზე რაიმე ზეწოლის მცდელობები უპერსპექტივოა“, – ნათქვამია ფეისბუქში გამოქვეყნებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ჯონ ქერის და სერგეი ლავროვის შეხვედრისას მხარეებმა უკრაინაში კონფლიქტი, სიტუაცია სირიაში და პალესტინის კრიზისი განიხილეს. „ახლო აღმოსავლეთის საკითხები დაუყოვნებლივ გადაწყვეტას საჭიროებს. ჩვენ ერთად ისე უნდა გავაკეთოთ, რომ არ მოხდეს სიტუაციის დეგრადირება“, – განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ქერი შეეცდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე და უკრაინაში დაძაბულობის შემცირებაზე დადასტურება მიიღოს.