თურქეთში ხელისუფლების მითვისების მცდელობის ბრალდებით, მედიის წარმომადგენლები დააკავეს – რას გეგმავდა ფეთჰულაჰ გიულენი?

  ხელისუფლების მითვისების მცდელობის ბრალდებით, თურქეთის პოლიციამ 20-ზე მეტი ჟურნალისტი, მენეჯერი და მედიასაშუალებების სხვა თანამშრომლები სხვადასხვა ტელევიზიებსა და გაზეთებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დააკავა.
“ბი-ბი-სის” ინფორმაციით, აღნიშნული დაკავებები დაკავშირებულია აშშ-ში მცხოვრებ ოპოზიციონერ ფეთჰულაჰ გიულენთან, რომელიც ისლამის ცნობილი მქადაგებელია.
გამოცემის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ფეთჰულაჰ გიულენი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები არიან და დამკვირვებელთა აზრით, ჩხრეკების მეშვეობით ხელისუფლება ცდილობს ამ სასულიერო პირის მომხრეებს გაჩუმება აიძულოს. პრეზიდენტმა გიულენის და მისი მომხრე მედია საშუალებების ქმედებები სახელმწიფო გადატრიალების მომზადების მცდელობად შეაფასა.
ვინ არის ტერორიზმსა და რელიგიურ ექსტრემიზმში ბრალდებული თურქი, რომელიც საქართველოში არსებული 14 სასწავლებლის უკან დგას – ამ სათაურით “კვირამ“ მიმდინარე წლის სექტემბერში გიულენის შესახებ “საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა და ახალგაზრდა თურქოლოგთა ასოციაციის” თავმჯდომარის რომან კვიციანის მიერ ჩატარებული კვლევაზე დაყრდნობით სტატია გამოაქვეყნა.
რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, აშშ, ყირგიზეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც ფეთჰულაჰ გიულენის დაფინანსებით დაარსებული სასწავლებლები უკვე დახურეს. ამ ქვეყნების უმრავლესობაში სასწავლებლების დახურვა სწორედ ერდოღანის უშუალო ჩარევით მოხდა.
აზერბაიჯანში, ერთ-ერთი საპარლამენტო არჩევნების წინ შემთხვევით გასაჯაროვდა წერილი, რომლის ადრესატიც ფეთჰულაჰ გიულენი იყო. წერილში გიულენს აზერბაიჯანელი მომხრეები ატყობინებდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში მათ თანამოაზრეებს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის დიდი შანსი ჰქონდათ. წერილის ავტორი წერდა, რომ ამით გიულენს აზერბაიჯანის მართვის სადავეების ხელში ჩაგდება გაუადვილდებოდა. ამ ამბავს აზერბაიჯანის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა. ამ პერიოდში რეჯებ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანში ჩავიდა, პირადად შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და იმ პირთა სია გადასცა, რომლებიც გიულენს აზერბაიჯანში დასახული გეგმების განხორციელებაში ხელს უწყობდნენ. აღნიშნულ ფაქტს აზერბაიჯანში გიულენის მიერ გახსნილი აბსოლუტურად ყველა სასწავლებლის დახურვა მოჰყვა, შენობები კი, სადაც ეს სასწავლებლები ფუნქციონირებდნენ, კომპანია “სოკარს“ გადაეცა.
დაიხურა ტელევიზია და გიულენის მიერ აზერბაიჯანში წამოწყებული ბიზნესებიც შეჩერდა. ასევე ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სოჭის ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ აუდიენციას რუსეთში გიულენის მიერ დაარსებული უნივერსიტეტების დახურვა მოჰყვა. რელიგიური ექსტრემიზმის საფრთხიდან გამომდინარე, რუსეთმა სასამართლოს ძალით ფედერაციაში არსებული მისი ყველა სასწავლებელი დახურა.
ყველა თურქული უნივერსიტეტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს, მას ექვემდებარება. მართალია, გიულენის მიერ საქართველოში დაარსებულ სასწავლებლებში ისლამს არ ასწავლიან, მაგრამ არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ დაწყებითი კლასებიდან მის მიერ ნდობით აღჭურვილმა პირებმა ნიჭიერ ბავშვებს შთააგონონ იდეოლოგია, რომელსაც მისი მიმდევრები ატარებენ. ასეთ ბავშვებს გიულენი სწავლების ბოლო საფეხურამდე აფინანსებს და შემდგომ სხვადასხვა ქვეყანაში მის მიერ დაარსებულ უნივერსიტეტებში პედაგოგებად აგზავნის.
რომან კვიციანი აცხადებს, რომ საქართველოში, განსაკუთრებით კი იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია, მრავლად არიან გიულენის იდეოლოგიის მიმდევრები. მისი თქმით, გიულენს საგანმანათლებლო სფეროს გამოყენებით განზრახული აქვს სახელმწიფოში სახელმწიფოს დაარსება და კონტროლის დამყარება.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://kvira.ge

10850718_324265411112982_591270789_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები