ნინო მიქიაშვილი: საყდრისს ანგრევენ
საყდრისის უძველესი მაღაროს აფეთქება დღეს დილიდან დაიწყო. შემდეგ კი მძიმე ტექნიკა მოიყვანეს და საყდრისის ნგრევა ამ წუთებშიც მიმდინარეობს, – ამის შესახებ „კვირას“ შემთხვევის ადგილიდან ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა განუცხადა.
ნინო მიქიაშვილი ირაკლი ლომიძესთან ერთად უკვე თვეებია, იცავს ძეგლს. როგორც მან „კვირას“ საუბრისას განუცხადა, დღეს დილით დაურეკეს და უთხრეს, რომ საყდრისში ძალიან ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. “მითხრეს, აქამდე ასეთი ძლიერი აფეთქება არ ყოფილაო,” – ამბობს ნინო მიქიაშვილი.
“ირაკლი ლომიძე იქ იყო და რომ ვურეკავდით, არ გვპასუხობდა. შემეშინდა და კაზრეთის პოლიციის უფროსს გოგა არქანიას დავურეკე, იმან მითხრა, აზრზე არა ვარ, რა ხდებაო. არადა, ამ დროს ირაკლი პოლიციაში ყოფილა, დილით, აფეთქებები რომ დაიწყო, უსაფრთხოების სამსახურს გამოუყვანია იქიდან”,- ამბობს მიქიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ კომპანია “არემჯიმ” საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოების განახლების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კომპანიამ მუშაობა 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა.
ამ ბრძანებების საფუძვლად კი დასახელებულია ის, რომ “კანონის შესაბამისად მოხდა ობიექტის ნაწილის სრული არქეოლოგიური შესწავლა. დარჩენილ ნაწილზე დამატებითი კვლევების ჩატარება ობიექტზე არსებული ავარიული მდგომარეობისა და ნგრევის საფრთხის გამო შეუძლებელი იყო, რასაც ადასტურებს შესაბამისი გეოლოგიური დასკვნა. ამასთანავე, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის შესაბამისად, ობიექტზე არ იყო მოსალოდნელი თვისობრივად ახალი არტეფაქტების აღმოჩენა”.