მარინ ლე პენმა აშშ-ში წამების გამოყენების მხარდასაჭერი საკუთარი სიტყვები უარყო

ფრანგული პარტიის „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა და ევროპარლამენტის დეპუტატმა მარინ ლე პენმა ტელეკომპანია BFMTV-სთან ინტერვიუში აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ გამოყენებულ წამების მეთოდებს მხარი დაუჭირა. ამ განცხადებამ საფრანგეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
ამის გამო პოლიტიკოსმა ტვიტერზე განმარტება გააკეთა. მარინ ლე პენის განცხადებით, მისი სიტყვები „არასწორად გაიგეს“ და კონტექსტიც არასწორად აღიქვეს. ლე პენის თქმით, „საუბარი იყო ტერორიზმზე და არა რეალობიდან მოწყვეტილ საკითხებზე“. გარდა ამისა, დაკითხვის საშუალებაში იგი კანონს და არა წამებას გულისხმობდა.
ცნობისთვის, ინტერვიუში, რომელიც დაზვერვის ცენტრალური სადაზვერვოს მიერ დაკითხვის პროცესში წამების გამოყენების შესახებ აშშ-ს სენატის ანგარიშს ეხებოდა, ლე პენმა განაცხადა, რომ „ხშირად წამების გამოყენება გამართლებულია“. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ მეთოდმა ტერაქტების საკმაო რაოდენობა თავიდან უკვე აიცილა.
შეგახსენებთ, აშშ-ს სენატის ანგარიშიდან ცნობილი გახდა, რომ ტერორიზმში ბრალდებულ დაკავებულებს ძილის საშუალებას არ აძლევდნენ და მათ მიმართ რექტალურ კვებას – ანუ კვებას სწორი ნაწლავიდან ოყნით ახორციელებდნენ. გარდა ამისა, დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს სამედიცინო სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, აშშ-ს ვერსიით, 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორს ჰალიდ შეიჰ მოჰამედს დაკითხვისას ფაქტობრივად წყალში ახრჩობდნენ. სენატორების თქმით, დროდადრო წამება ისეთი სასტიკი იყო, რომ დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლები მის გაგრძელებაზე უარს აცხადებდნენ, თუმცა ხელმძღვანელები ამას დაჟინებით ითხოვდნენ. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, წამება, კერძოდ, ავღანეთის ბაზა „სოლთ ფითზე“ ხდებოდა. დაზვერვის ცენტრალური სამმართველო მანამდე ამ ბაზაზე წამების გამოყენების ფაქტებს უარყოფდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები