რუსთავში მძღოლები და ხაზების მეპატრონეები შიმშილობენ

     რუსთავის მერიის 10 მძღოლი და ხაზების მეპატრონეები შიმშილობენ. მოშიმშილეები რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე გამოცხადებული კონკურსის მინიმუმ სამი წლით გადავადებას მოითხოვენ.
რუსთავის ტრანსპორტის სფეროში შექმნილი პრობლემის მოგვარების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციისა” და ,,ქართული რეალობის” წარმომადგენლები მოშიმშილე მძღოლებსა და რუსთავის მერის მოადგილეს დავით სხირტლაძეს შეხვდნენ. როგორც რუსთავის მერის მოადგილე დავით სხირტლაძე აცხადებს, მერია მზად არის მძღოლებთან დიალოგისათვის, თუმცა დღეს რეალურად მერიის წინ მძღოლები კი არა, სამარშრუტო ხაზების მეპატრონეები შიმშილობენ. სხირტლაძის თქმით, კონკურსის ჩატარების შემთხვევაში, არც ერთი რუსთაველი მძღოლი უმუშევარი არ დარჩება და არც მგზავრობის ფასი არ მოიმატებს. ”ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” წარმომადგენლი ალექსი კობაიძე რუსთავის მერიას და მოშიმშილეებს დიალოგისაკენ მოუწოდებს.
”ჩვენ შევხვდით მძღოლებს და სოლიდარულები ვართ მათთან, ჩვენ ასევე შევხდით მერიის წარმომადგენლებს და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მერიას აქვს სურვილი, ეს კონფლიქტი და სიტუაცია დროულად ამოიწუროს, თუმცა ამისათვის ორივე მხარე მზად უნდა იყოს. მე, როგორც უფლებადამცველს, მიმაჩნია, კარგი იქნება, თუ დიალოგი დროულად შედგება და არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მიეცემა საშუალება, რომ ეს საკითხი სპეკულაციის თემად გაიხადონ. ამიტომ ორივე მხარეს მოვუწოდებ, რომ დიალოგი შედგეს. პირველ რიგში მოვუწოდებ მერიის წარმომადგენლებს, რომ რაც შეიძლება მეტი გახსნილობა იყოს მათი მხრიდან”, – განაცხადა ალექსი კობაიძემ.
აქციის მონაწილეები დიალოგზე წასვლაზე პრინციპულ უარს ამბობენ და შიმშილობის შეწყვეტას მოთხოვნის შესრულებამდე არ აპირებენ. მძღოლებმა და ხაზების მეპატრონეებმა მერიის წინ შიშილობა გუშინ საღამოს დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები