სოხუმელი კომპოზიტორისა და მომღერლის ია მაისაიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსულ დრამატულ თეატრში თბილისის მერიის მხარდაჭერით სოხუმელი კომპოზიტორისა და მომღერლის ია მაისაიას შემოქმედებითი საღამო „დაბრუნებამდე“ გაიმართა, რომელიც აფხაზეთს მიეძღვნა.
ღონისძიება ია მაისაიას დაბადების დღეს დაემთხვა. საღამოზე შესრულდა კომპოზიტორის მიერ შექმნილი ქართული და რუსული სიმღერები, რომელიც ავტორთან ერთად ცნობილმა მომღერლებმა: აჩიკო ნიჟარაძემ, სოფო ბედიამ, ელენე ფოჩხუამ, დათო ჭალიძემ, საქართველოს სახელმწიფო კაპელამ, ანსამბლმა „მუხამბაზმა“ შეასრულეს.
კომპოზიტორის განვლილ შემოქმედებით ცხოვრებასთან დაკავშირებით თბილი სიტყვები არ დაიშურეს პოეტებმა: გენო კალანდიამ, მიმოზა ცანავამ, მწერალმა ნანა ქარდავამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, კომპოზიტორმა მაცაცო სეფისკვერაძემ და სხვებმა.
„შემოქმედებითი საღამო ერთგვარი ანგარიშია და, ამავე დროს, ერთგვარი ტესტია იმის გასაგებად, თუ რამდენად მიმიღო მსმენელმა. ბედნიერი ვარ, რადგან საღამომ კარგად ჩაიარა.
მივიღე უამრავი სითბო, სიყვარული, რაც ძალას მმატებს და მაძლიერებს. გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. მჯერა, რომ მალე აფხაზეთში დავბრუნდებით. ყოველთვის ვმღეროდი. მემღერებოდა ბედნიერებისგან, სიყვარულისგან. ახლა კი მონატრება მამღერებს. მე მამღერებს მშობლიური კუთხის მონატრება და იმედი, რომ მალე ვიხილავ მონატრებულ სოხუმს“, – ამბობს ია მაისაია „კვირასთან“ საუბარში.
ია მაისაიამ მადლობა გადაუხადა თბილისის მერიას, პირადად დავით ნარმანიას, რომლის დახმარებითაც გაიმართა საღამო, საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრს, მის ხელმძღვანელს ავთანდილ დავითაიას, მაყურებელს – ყველაზე დიდ შემფასებელს და ყველას, ვინც მონაწილეობდა კონცერტის ორგანიზებაში. საღამო გულწრფელი ცრემლით, აპლოდისმენტებით, აფხაზეთის მოგონებით და დაბრუნების დიდი იმედით დასრულდა.
ია მაისაია ასზე მეტი სიმღერის ავტორია. გამოცემული აქვს 3 კრებული: „სიმღერები აფხაზეთზე“, „დაბრუნებამდე“, „საფორტეპიანო პიესები და ანსამბლები“. არის ავტორი ფილმისა „არ დავმშვიდდები შენთვის აფხაზეთო“. ია მაისაია დაჯილდოებულია არაერთი ჯილდოთი. მათ შორის: ღირსების ორდენით, შერვაშიძის სახელობის პრემიით, უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.

10822489_820033231375897_454387574_n

10836266_820033238042563_1932064184_n

10841233_820033241375896_784059458_n

10859483_820033234709230_671325659_n

10859715_820033244709229_1582392273_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები