საერთაშორისო არქიტექტორთა ჯგუფი თბილისს გამოცოცხლებას ჰპირდება – „დაჯდე მტკვრის ნაპირთან, ან მდელოზე და წაიკითხო წიგნი“
„პროექტი თბილისი“, – ასე ჰქვია თბილისის ურბანულ გეგმას, რომლის განხორციელება საერთაშორისო არქიტექტორებისგან შემდგარ 4-კაციან ჯგუფს დედაქალაქში სურს. შვეიცარიაში მენდრისიოს არქიტექტურული აკადემიის კურსდამთავრებულების: ელისო სულაკაურის, სიმონე რეტოს, სერენა სანტინის და ფილიპე სანტინოს პროექტის მიზანია, რომ თბილისი ყველა მოქალაქისთვის კომფორტული გახდეს.„პროექტ თბილისის“ ავტორებს სურთ, ისეთი საზოგადოებრივი სტრუქტურების შექმნა, რომელიც ქალაქს მდინარე მტკვართან და მის ნაპირებთან მჭიდროდ დააკავშირებს.
ავტორებმა „კვირასთან“ დეტალებზე ისაუბრეს. მათი განმარტებით, პროექტის მიზანია, თბილისის ცენტრი გადაფასდეს, იგი გამდიდრდეს საზოგადოებრივი სივრცეებით და თბილისის, როგორც ერთ-ერთი ძველი ქალაქის პოტენციალის გათვალისწინებით, მისი მნიშვნელოვანი ტრადიციული ყოფა წარმოჩინდეს. არქიტექტორთა ჯგუფი დარწმუნებულია, რომ ქალაქის დაგეგმარების, ურბანული სტრუქტურების ასეთი ხედვა მას ეკონომიკური, კულტურული და სოციალური თვალსაზრისთ გაზრდის და განავითარებს.
მათივე განარტებით, „პროექტ თბილისის“ გეგმა ითვალისწინებს თვითგანახლებად პროცესს, რაც ქალაქის სტრუქტურაში სიმწვანის შენარჩუნებას, მისი სივრცეების გაზრდას, მდინარისა და ჰაერის გასუფთავებას შეწყობს ხელს. ამასთან, პროექტი წარმოსახავს ეკოლოგიურად მდგრადი საზოგადოებრივი სატრამსპორტო ქსელის – ტრამვაის ხაზის, საველოსიპედო ბილიკისა და ქვეითად მოსიარულეთა გზების განვითარებას.
არქიტექტორთა ჯგუფის წევრები „კვირასთან“ საუბრისას თბილისში ჯგუფის პირველ ჩამოსვლას და იდეის გაჩენის პერიოდს იხსენებენ. ფილიპე სანტინო: „ჩვენ ორი წლის წინ ჩამოვედით თბილისში. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ყველას მოგვინდა, გაგვეკეთებინა რაიმე, რაც საშუალებას მოგვცემდა, ჩვენი გამოცდილება თბილისზე გადმოგვეტანა. ჩვენი შემოთავაზებაა, მტკვრის რებილიტაცია და მისი ნაპირების დატვირთვა სხვადასხვა აქტივობით, რაც შეცვლის ადამიანის ცხოვრების სტილს და დააბრუნებს ძველ ქალაქს თანამედროვე გარემოს შესაქმნელად“.
სერენა სანტინი: „პირველი, რაც დავინახეთ, ეს არის თბილისის დიდი ენერგია. ამჟამად ქალაქის ცენტრი იგნორირებულია, არ არის შეერთებული სხვა ადგილებთან. საჭიროა ისეთი ურბანული დაგეგმარება, რაც ყველაფერს ერთმანეთთან დააკავშირებს, რათა გამოცოცხლდეს სხვადასხვა ადგილი“.
სიმონე რეტო: „ერთმანეთი შვეიცარიაში, მენდრისიოს არქიტექტურულ აკადემიაში გავიცანით. ერთად ვსწავლობდით და ერთნაირი მიზნები, მისწრაფებები გვქონდა. ჩვენ ურბანისტები და არქიტექტორები ვართ. ამჟამად აქცენტი გვაქვს მტკვარზე და მისი ნაპირების რებილიტაციაზე ძველ თბილისში“.
ჯგუფის ქართველი წევრი ელისო სულაკაური თბილისში მტკვრის ნაპირის გამოცოცხლების გეგმას ნათლად აგვიწერს: „პარკები, კინოთეატრები ღია ცის ქვეშ, სპორტული აქტივობები, დედა ენის პარკში მულტიმედიური ბიბლიოთეკა, აიღო წიგნი, დაჯდე პარკში მტკვრის ნაპირთან, ან მდელოზე წამოწვე და წაიკითხო“.
ელისო ამბობს, რომ გლდანიდან რუსთავამდე უნდა იყოს ათვისებული მტკვრის ნაპირები, მდინარეზე ჩასვლა უნდა შეგეძლოს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით, ხოლო ყველა ადამიანი, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ბავშვები უნდა გრძნობდნენ, რომ ქალაქი მათია.
„ძალიან ბევრი საზოგადო სივრცე შეიქმნება, იქნება გამწვანება, საფეხმავლო გზები, ასევე პროექტში გათვალისწინებულია ახალ ქუჩათა ქსელი, საველოსიპედო გზები, ახალი ტრამვაის სისტემა. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის ძველი დეტალების დაბრუნება, აღდგება ნავები და ტივები, რაც გამოაცოცხლებს მტკვარს. ტრამვაის აღდგენა შესაძლებელია ძველი სადგურების ბაზაზე. ორი საფეხმავლო და საველოსიპედი ხიდების გაკეთებას ითვალისწინებს პროექტი, რაც უფრო შეაერთებს და დააკავშირებს მტკვრის ორ ნაპირს. ასევე გვინდა, უფრო მიმზიდველი გახდეს „მშრალი ხიდი“. მაგალითად, დახლები გავაკეთოთ, რომ ტურისტულადაც უფრო საინტერესო იყოს მტკვრის ნაპირი. ქალაქი მოწყვეტილია მტკვარს და მას იგნორირებას უკეთებს. ჩვენი პროექტით წყალთან ახლოს მივდივართ. ახალი ტრანსპორტი, ძველი ტრადიციის განახლება ტივის სახით მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის გადაადგილებას მოქნილს გახდის, გაიწმინდება წყალი. მტკვარი არის მთავარი. გვსურს, ის დაუბრუნდეს ქალაქს, გამოვიყენოთ მასთან დაკავშირებული რესურსი და ახლომდებარე ადგილებს სიცოცხლე შეემატოს. თბილისელი ყოველთვის ძალიან ახლოს იყო მტკვართან. ეკონომიკური თვალსაზრისით მცირე მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობები გაჩნდება და დასაქმდებიან მოქალაქეები. ვითვალისწინებთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საჭიროებებს, არც ბავშვების ადგილი არ არის ჯერჯერობით ამ ქალაქში და ამასაც გამოვასწორებთ. ვფიქრობთ, რომ რიყეზე გარკვეული ნაწილი განაშენიანდეს და ერთი ნაწილი კი გამწვანდეს. ახლა შენობები ამოვარდნილია საერთო მასშტაბიდან, არ შეესაბამება ადგილს და საერთო არქიტექტურულ ხედს, არ არის ერთიანი დაგეგმარებითი ხედვა, ფრაგმენტულია. ჩვენი მიზანია, ერთიანი, ცოცხალი სისტემის შექმნა, სადაც ყველაფერი თანამიმდევრული იქნება. ყველაფერი უნდა იყოს ადამიანებისთვის“, – ამბობს ელისო.
თბილისის ურბანული გეგმის ავტორების აზრით, ამჟამად მტკვრის და მისი ნაპირის რესურსის 5%-ია ათვისებული, ხოლო „პროექტი თბილისი“ ამ რესურსის 100%-იან ათვისებას გვპირდება. მათი თქმით, პროექტი არის მცდელობა, რომ თბილისს დაუბრუნდეს მისთვის დაკარგული მდინარე და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია დიალოგი და ღია დისკუსია სხვადასხვა კომპეტენტურ პირთან იმისთვის, რომ პროექტი დაიხვეწოს და დაკონკრეტდეს. საერთაშორისო არქიტექტორთა ჯგუფი უკვე 8 თვეა, რაც პროექტზე მუშაობს და სურთ, ეს პროცესი გაგრძელდეს.
„პროექტი თბილისის“ პრეზენტაცია უკვე გაიმართა ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში, სადაც მოწვეულები იყვნენ არქიტექტორები, ქალაქის დამგეგმარებლები, მოქალაქეები. მათ არქიტექტორების იდეა მოიწონეს და პრეზენტაცია ჯანსაღი დისკუსიით გაამდიდრეს.
გარდა ამისა, თბილისის ურბანული გეგმის ავტორებმა პროექტი თბილისის მერს და მთავარ არქიტექტორს გააცნეს.
ავტორები მათი პროექტის უპირატესობას მის დაბალბიუჯეტიანობაში ხედავენ. ამასთან, სურთ, რომ მისი განხორციელება არ იყოს ფასადური, მხოლოდ ვიზუალურად ლამაზი, არამედ მათი მიზანია, ქმნიდეს კომფორტს და ახალ შესაძლებლობებს.
„პროექტის განხორციელება ძვირი არ ჯდება, დაბალბიუჯეტიანია. პატარა გადაწყვეტილებებით ვცვლით ურბანულ პრობლემატიკას ქალაქში. დეტალების განხილვის შესაძლებლობა იქნება. ჩვენ ვქმნით ურბანული განვითარების ერთიან ჩარჩოს, ხოლო თითვეულ სახლზე, პარკზე, სკვერზე გამოცხადდება ინტერნაციონალური კონკურსი იმისთვის, რომ ჩაერთოს ყველა – ურბანისტები, არქიტექტორები, მუშები“, – ამბობს ელისო სულაკაური.
იგი აღნიშნავს, რომ მათ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო აკადემია დაამთავრეს და ასევე სხვადასხვა არქიტექტურულ პროექტზე მუშაობდნენ.
რაც შეეხება პროეტის დაფინანსებას, ავტორებს მიაჩნიათ, რომ მის განხორციელებაში უნდა ჩაერთონ როგორც კერძო ინვესტორები, ისე სახელმწიფო სექტორი.
საერთაშორისო არქიტექტორთა ჯგუფი გვარწმუნებს, რომ პროექტის შედეგად შეიქმნება ახალი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილები, კულტურული ცენტრები, რაც მოიზიდავს ინვესტორს და ტურისტებს მთელი მსოფლიოდან. პროექტი დააინტერესებს როგორც საზოგადოებას, ისე კერძო ინვესტორებს, რომ მათ ერთად შეძლონ პირდაპირი თუ არაპირდაპირ სარგებლის მიღება ქალაქის გენერალური განვითარების გეგმიდან.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „პროექტი თბილისის“ ავტორები კონფერენციის გამართვას გეგმავენ, სადაც დეტალებს განიხილავენ და მას ფართო აუდიტორიას გააცნობენ. მანამდე კი მადლობას უხდიან ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმს, სადაც მათი პროექტი საზოგადოებას პირველად წარუდგინეს.
ნიცა ბუხნიკაშვილი