ლაფანყურში გარდაცვლილის „ჩიპზე“ შესაძლოა, ანდერძი იყოს – „მეუბნებიან, ჩემს შვილს გაუმართლა, რომ ლაფანყურში მოკვდა“

  ლაფანყურში გარდაცვლილი სალამ ზაურბეკოვის „ჩიპი“ ნაპოვნია, – ამის შესახებ ინფორმაცია გაზეთი „პრაიმტაიმი“ ავრცელებს. გამოცემა მკითხველს სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სალამ ზაურბეკოვის დედის, მალქან ისრაპილოვის ბოლო ინტერვიუს აქვეყნებს. ისრაპილოვი ამჟამად ავსტრიაში იმყოფება. როგორც გარდაცვლილის დედა აცხადებს, მის შვილთან ერთად ლაფანყურის სპეცოპერაციაში მონაწილემ, ამჟამად ავსტრიაში მყოფი პირებიდან ერთ-ერთმა უთხრა, რომ მისმა შვილმა თანამოაზრეებს „ჩიპი“ დაუტოვა და დაუბარა, ის მშობლებისთვის გადაეცათ. ისრაპილოვას თქმით, „ჩიპზე“, სავარაუდოდ, ანდერძი უნდა იყოს.
„გულწრფელად ვიმედოვნებ, საქართველოს ხელისუფლება მაინც შეეცდება, რომ ობიექტურად და კეთილსინდისიერად წაიყვანოს გამოძიება… ჩვენი ხალხი ატარებს აქ გამოძიებას და არ გაჩერდებიან, სანამ ადრე თუ გვიან ყველაფერი არ გაირკვევა. ისინი იძიებენ, ვინ წაიყვანა ეს ბიჭები ავსტრიიდან. იქ, საქართველოში, რა ჯგუფი ჩამოყალიბდა. როგორ მოახერხეს გადარჩენილებმა თურქეთის გავლით ავსტრიამდე თავისუფლად ჩამოღწევა. ვინც ცოცხლმა ჩამოაღწია, შევხვდი და ველაპარაკე კიდეც… მეუბნებიან, რომ ჩემს შვილს გაუმართლა, რომ ლაფანყურში მოკვდა. რომ ის სამოთხეში მოხვდება. მათ კი არ გაუმართლათ. არადა, ეს ხალხი ჩვეულებრივ, ნორმალურად ცხოვრობს საკუთარ მეუღლეებთან და შვილებთან ერთად… საქმეში გარეული ადამიანების დასახელება მათ არ აწყობთ. რომ თქვან, ამის შემდეგ ნორმალურად ვეღარ გააგრძელებენ ცხოვრებას. ამბობენ, რომ დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათ არ დახოცავდნენ. რადგან ისინი ნორმალურად გაამგზავრეს. მერე კი უთხრეს, რომ საზღვარზე რუსები ელოდებოდნენ და უნდა შეჩერებულიყვნენ. ეს ბიჭები კი არ დანებდნენ. ყველა თავისებურად ყვება ამ ამბავს. უკვე აღარავისი მჯერა. ერთ-ერთ ადამიანს ვესაუბრე ამ ჯგუფიდან. მან მომიყვა, თითქოს ჩემს შვილს დაუტოვებია რაღაც „ჩიპი“ თავისი თანამოაზრეებისთვის. დაუბარებია, ჩემს მშობლებს მიეცითო. ამბობენ, ამ „ჩიპში“ მისი ანდერძი უნდა იყოსო. ეს „ჩიპი“ ჯერ არ მოუციათ… ისინი, ვინც აქ, ავსტრიაში არიან, მპირდებიან ამ „ჩიპის“ მოძებნას, მაგრამ რატომღაც არ ჩქარობენ“, – ამბობს სალამ ზაურბეკოვის დედა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები