ირაკლი ქადაგიშვილი: ეს არის ის ვერდიქტი, რომელიც არა მარტო ალეკო ელისაშვილს, არამედ მთლიანად ოპოზიციას ეკუთვნის
“ეს არის ის ვერდიქტი, რომელიც არა მარტო ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო, არამედ – მთლიანად ოპოზიციას,” – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ალეკო ელისაშვილის სასჯელზე საუბრისას განაცხადა.
„ოპოზიცია უკვე იმ დონეზეა გასული, რომ სასამართლოს შენობის გადაწვის პირდაპირ, აშკარა მცდელობას ეძახიან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. ეს მეტყველებს უკვე საქართველოში ე.წ. ოპოზიციის სრულ დეგრადაციაზე. მათ აღარ გააჩნიათ უნარი, რომ პირდაპირი ქმედება, რომელიც მიმართული იყო სახელმწიფო დაწესებულების, სასამართლოს გადაწვისაკენ, ამაზეც კი ჰქონდეთ რაიმე ნორმალური რეაგირება და დაგმონ. არის „ოპოზიცია“, ვიმეორებ ბრჭყალებში, ამას ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება ოპოზიცია ერქვას, რომელიც ტერორისტული აქტების ჩამდენებს პოლიტპატიმრებს ეძახის, ამას ამართლებს და მხარდასაჭერ „ქარდებს” უძღვნის. ეს არის ის ვერდიქტი, რომელიც არა მარტო ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო, არამედ – მთლიანად ოპოზიციას. ეს ერთი პიროვნებაც და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს ამა თუ იმ სიმძიმის სასჯელს იხდის, ასეთი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული მიდგომებით არიან მისული ამ მდგომარეობამდე”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.