მთავრობის ეკონომიკური გუნდი შესაძლოა, პარლამენტში დაიბარონ

   ეკონომიკურ გუნდს პარლამენტში დაიბარებენ, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელის, დავით ონოფრიშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
„ამაზე ვიმსჯელებთ და კონკრეტულ გადაწყვეტილებას გავავრცელებთ. მე პირადად მაქვს კონსულტაციები როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ასევე ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან, თუმცა მიმაჩნია, რომ არ იქნება ურიგო ეკონომიკური გუნდის პარლამენტში მოსვლა“, – ამბობს ონოფრიშვილი.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, ლარის კურსის მერყეობა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემებით არის გამოწვეული, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი დახმარებების შემცირებაა.
„ზოგადად, ლარის კურსის ცვლილება, რომელიც ეკონომიკაზე გავლენას ახდენს, ბუნებრივია, მთავრობაში მთელ ეკონომიკურ გუნდს ეხება. თუ ლარზე ფისკალური ნაწილის გავლენაა, ბუნებრივია, ეს ფინანსთა სამინისტროს ეხება, ზოგადად, ეროვნულ ბანკს უფრო ინფლაციურ თარგეტირებაზე აქვს პასუხისმგებლობა. ყველამ რომ თქვას, ლარის კურსი მე არ მეხებაო, არც ეს იქნება სწორი. ლარის კურსის ცვლილება იმ ეკონომიკური პრობლემების გამოხატულებაა, რომელიც არის ქვეყანაში. დოლარის მასა ნაკლებია, ვიდრე ლარის. ეს კი იმით არის გამოწვეული, რომ ქვეყანაში სათანადო ინვესტიციები არ შემოდის, ასევე შემცირდა ფულადი გადმორიცხვები უცხოეთიდან. როგორც წესი, წლიურად მილიონ დოლარზე მეტია ხოლმე გადმორიცხვა, ბოლო ორი თვის განმავლობაში გადმორიცხვები კი შემცირდა და ამასაც აქვს თავისი მიზეზი: ქვეყნები, საიდანაც თანხა ირიცხება, იქნება ეს რუსეთი თუ სხვა, იქაც ეკონომიკური პრობლემებია და ხალხი ვეღარ რიცხავს იმდენს, რამდენსაც ადრე რიცხავდა, ასევე, შემცირებულია ტურისტების რაოდენობა, შემცირებულია ექსპორტი და გაზრდილია იმპორტი. ეს ყველაფერი მოქმედებს საგადამხდელო ბანკზე.
– ექსპერტები ამბობენ, რომ მთავრობა არ იყენებს საკუთარ ბერკეტებს იმისთვის, რომ პროცესები შეაჩეროს, რადგან მას ეს აწყობს კიდეც… მიზეზად ბიუჯეტის შევსება სახელდება…
– ბიუჯეტის თვალსაზრისით ლარის კურსის გაუფასურება ვერაფერი დახმარება ვერ იქნება, ამიტომ ეს ფაქტორი ნამდვილად არ არის განსახილველი. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგადად დოლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში მყარდება. ბუნებრივია, ამ მხრივ, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა. თუმცა, გარე ფაქტორების გარდა, შიდა ფაქტორებიც ახდენს ზეგავლენას, რაც უკვე ჩამოგითვალეთ“, – აცხადებს დავით ონოფრიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები