როგორ აწამებდა დათა ახალაია პატიმრებს – ადვოკატი წამების ფაქტებს იხსენებს

  ადვოკატი მირიან ნიკოლაძის ინფორმაციით, კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია პატიმრებს სასტიკი მეთოდებით აწამებდა. როგორც ადვოკატი გაზეთ „ალიასთან” ინტერვიუში აცხადებს, დათა ახალაია პატიმრების წამების დროს ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
„როგორ ხდებოდა ადამიანების წამება კაიფში მყოფი დათა ახალაიასგან, ეს ბევრმა არ იცის. ისეთი მეთოდების შესახებ გეტყვით, რომელიც მხოლოდ სულიერად ავადმყოფმა შეიძლება ჩაიდინოს. მაგალითად, დათა ახალაიამ რკინის ხელჯოხით საკუთარ კაბინეტში გიორგი ჩეჩელაშვილს სცემა (ჩეჩელაშვილი 2010 წლის 2 ივნისს, ნარკოტრაფიკში მონაწილეობისთვის სპეცოპერაციის დროს დააკავეს). ახალაია მას რკინის ჯოხით წვივებზე, კოჭებში და მუხლებში სცემდა, თან რას აკეთებდა, იცით? აი, ფილმებში რომ სადისტები აკეთებენ, თან ურტყამდა და თან ხმამაღლა იცინოდა, შეშლილივით. ფეხებიდან სისხლი რომ სდიოდა ჩეჩელაშვილს, ამაზე ახალაია სიცილს ვერ იკავებდა. გორგოლაჭებიანი სკამი რომ არის საკანცელარიო, ხომ იცით? ამ სკამზე იჯდა, მაგიდას წიხლს მიარტყამდა, გაგორდებოდა, დაარტყამდა წაქცეულს და უკანვე გასრიალდებოდა. თან იცინოდა, ჩვეულებრივი მანიაკები რომ არიან, ისე.
ასევე აწამა მევლუდ სვანიძეც, რომელიც ხეზე ფეხებით დაკიდეს და უმოწყალოდ სცემეს. მერე ეუბნებოდნენ, გაიქეციო, ესეც გაიქცეოდა, ახალაია ჰაერში გაისროდა, ვითომ მოკლა ეს ადამიანი. სვანიძე ყველა გასროლაზე ძირს ეცემოდა, როდესაც მიხვდებოდა, რომ ტყვია არ მოხვდა და ცოცხალი იყო, ისევ წამოდგებოდა, შემდეგ კიდევ „ესროდნენ” და ა.შ. ხომ ხვდებით, რა დონის ფსიქოლოგიურ ტერორსა და წამებას ჰქონდა ადგილი.
ამ დროს დათა ახალაია მუდმივად კაიფში იყო და რას აკეთებდა, ვეღარ აზროვნებდა. წამლის ზემოქმედება იმდენად დიდი იყო, რომ ჩვეულებრივი მანიაკისა და სადისტის მეთოდებით უსწორდებოდა ადამიანებს. ხალხს რომ აწამებდნენ, კაბინეტებში სისხლის გუბეები დგებოდა. ხოლო თოფურიძე საორგანიზაციო საქმეებს აგვარებდა, ანუ გააყვანინებდა ნაწამებ ადამიანებს სხვა ოთახში, დამლაგებელს გამოიძახებდა და ა.შ. ასეთი საქმეების კურირება დათა ახალაიასგან სოსო თოფურიძეს ჰქონდა დავალებული”, – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები