ალექსანდე ნეველის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს

  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, წმინდა ალექსანდე ნეველის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვას ასრულებს. ტაძარში მსახურება ორ ენაზე ქართულად და რუსულად ტარდება. ტაძარში გამობრძანებულია წმინდა ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილები და მომლოცველებს დღის განმავლობაში სიწმინდის მოლოცვა შეეძლებათ.
წირვის დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.
დღეს წმინდა ალექსანდრე ნეველის ხსენების დღეს და ტაძრის დაფუძნების 150 წლისთავი აღნიშნება. კეთილმორწმუნე მთავარი ალექსანდრე ნეველი მე-13 საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი 1220 წელს დაიბადა და ვლადიმირის დიდი მთავრის, იაროსლავ II-ის ძე იყო. წმიდანი ღვთისადმი სიყვარულს ბავშვობიდანვე ამჟღავნდებდა. უყვარდა საეკლესიო საგალობლები, წმიდა მამათა ნაწერების კითხვა, ღამისთევები და ღვთისადმი ლოცვა-ვედრება.
1236 წელს ალექსანდრე ნეველი ნოვგოროდის მთავრად აირჩიეს. 1240 წელს მან მცირერიცხოვანი რაზმით მდინარე ნევის ნაპირებზე სასტიკად დაამარცხა შვედები, რომლებიც ფინეთის ყურის სანაპიროს დაპყრობას და იქ კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებას ცდილობდნენ. ამ ბრძოლაში გამარჯვების გამო ხალხმა მას ნეველი უწოდა.
1242 წელს კეთილმორწმუნე მთავარი გერმანელ ჯვაროსნებს შეებრძოლა, რომელთაც ასევე სძლია. ოქროს ურდოსთან ურთიერთობაში იგი სიფრთხილეს იჩენდა. 1262 წელს თათართა მძლავრობისგან შევიწროებული ხალხი აჯანყდა. განრისხებულმა ხანმა მათ დასასჯელად ლაშქარი შეაგროვა. ალექსანდრე ნეველი ურდოში ჩავიდა, რათა თათარი ხელისუფლის კეთილგანწყობა მოეპოვებინა.
ხანგრძლივი ღვაწლით დაუძლურებული, უკან მობრუნებისას სასიკვდილოდ დასნეულდა. სულთმობრძავი მთავარი ბერად აღიკვეცა, წმიდა საიდუმლოს ეზიარა და ორმოცდასამი წლის ასაკში, 1263 წელს აღესრულა. წმინდანის ცხედარი ვლადიმირის ღვთისმშობლის შობის მონასტერში დაკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები