რატომ აკრძალეს ილიაუნიში დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ლექციები – რას პასუხობს მათ სასულიერო პირი

ილიას სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს რელიგიურ საკითხებზე ლექციების კურსის ჩატარებაზე უარი უთხრა, – ამის შესახებ „კვირას“ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მან ილიას სახელობის უნივერსიტეტში მხოლოდ ერთი ლექცია ჩაატარა. სასულიერო პირის განცხადებით, ლექციების კურსი ერთი თვის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო. თუმცა, ერთი ლექციის შემდეგ ლექციების კურსის გაგრძელებაზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა.
„ილიას სახელობის უნივერსიტეტში მხოლოდ ერთხელ მქონდა ლექცია. მეორედაც რომ ვემზადებოდი ლექციის ჩასატარებლად, უარი მითხრეს. მიზეზად –  უნივერსიტეტის შენობაში რელიგიური ტიპის შეხვედრები დარღვევად ჩათვალეს, ჩვენ რელიგიური შეკრებებისთვის დარბაზს ვერ დაგითმობთო, – მითხრეს. თუმცა, ეს ლექციები არ არის ქადაგება და არც ლოცვა, ეს წმინდა წყლის საგანმანათლებლო ლექციებია რელიგიის თვალსაზრისით. ჩემთვის მიზეზი გაუგებარია“, – აღნიშნა დეკანოზმა „კვირასთან“ ინტერვიუში.10846547_865076186848209_1855204525_n
როგორც სასულიერო პირი აცხადებს, იგი სხვადასხვა უნივერსიტეტში მიწვეული სტუმარია და სტუდენტებისთვის რელიგიის შესახებ საგანმანათლებლო ლექციებს ატარებს. მისი თქმით, ლექციების ჩატარების კურსი ყველა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებულია და, შესაბამისად, დარბაზიც განკუთვნილია.
„ეს არის რელიგიის შესახებ საგანმანათლებლო ხასიათის ლექციების ციკლი, რადგან საქართველოში რელიგიური განათლების დეფიციტია, და  ცოტა რომ გაუმჯობესებულიყო ეს დეფიციტი, ჩვენ მოკრძალებულად ვცადეთ, ლექციების ჩატარება რელიგიურ თემებზე. ასეთი ხასიათის ლექციები უკვე შვიდი წელია იმართება, ორგანიზებას კი უწევს ჟურნალი „კარიბჭე“. მე ყველგან მიწვეული სტუმარი ვარ.
ამ შვიდი წლის განმავლობაში ლექციებს სხვადასხვა ადგილას ვატარებდი – ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის დარბაზში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოზარდ მაყურებელთა თეატრში და ამჟამად, რელიგიის შესახებ საგანმანათლბლო ლექციებს „სეუ“-ში ვკითხულობ.
ერთი თვის წინ, საგანამანათლებლო ლექცია ჩავატარე ილიას სახელობის უნივერსიტეტში და ეს ლექციები ერთი თვის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო. სხვათაშორის, იქ სადაც მივდივარ და ლექციებს ვკითხულობ, ეს შეთანხმებულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, სურვილს გამოთქვამენ სტუდენტები და სტუდენტთა თვითმართველობა. ეს ყველაფერი ცნობილი იყო დირექციისთვისაც. მინდა გითხრათ, ერთი წლის წინ, იგივე მიზეზით შევწყვიტე ლექციები. მაშინაც იგივე მიზეზი დაასახელეს. როგორც შევიტყვე, რა ტექსტიც დაწერა მაშინ, ერთი წლის წინ თსუ-მ, იგივე ტექსტი დაწერა ილიაუნმაც“, – ამბობს სასულიერო პირი.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, ილიაუნის უნივერსიტეტის სტუდენტებში ამ ფაქტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რასაც სტუდენტების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. „კვირამ“ შეიტყო, რომ დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ილიაუნის უნივერსიტეტში ყოფილმა სტუდენტმა თორნიკე ჩიქოვანმა მიიწვია. მან უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე ინფორმაცია გაავრცელა, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„ეს საჯარო ლექცია პირადად ჩემი ინიციატივით გაიმართა და კიდევ მეორე თვესაც ვაპირებდით გაკეთებას, რადგან სტუდენტებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. როდესაც ამაზე მოვითხოვეთ აუდიტორიის დათმობა, მივიღეთ უარი, რის შემდეგაც შევხვდით რექტორს და მან კონკრეტულად ახსნა, რატომ არ დაგვითმო აუდიტორია.
1. მამა თეოდორე იყო სამღვდელოების პირი და უნივერსიტეტი არ არის ადგილი, სადაც ქადაგება შეიძლება.
2.ამ შეხვედრების შემდეგ შესაძლებელი იყო სხვა რელიგიის წარმომადგენლებსაც მოეთხოვათ აუდიტორია და ეს გამოიწვევდა იმას, რომ უნივერსიტეტი გადაიქმნებოდა რელიგიების შეკრების ადგილად, ამიტომ მან და აკადემიურმა საბჭომ, რომელიც უნივერსიტეტის ნაწილია და დიდი როლი აქვს უნივერსიტეტის მართვაში, გადაწყვიტეს, რომ უარი ეთქვათ.
ამიტომ ვფიქრობ, რომ სხვა სივრცეში გავაკეთოთ საჯარო შეხვედრები, არა უნივერსიტეტის, არამედ თავისუფალ სივრცეში. ალბათ ეს იქნება გამოსავალი, მაგრამ მანამდე შესაძლებელია სტუდენტები შევხვდეთ რექტორს, თუ სურვილი იქნება და ვისაუბროთ ამაზე და შევჯერდეთ ამ საკითზე.
უნივერსიტეტი სტუდენტებისაა, სადაც სწავლობენ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, ანუ მარტო ერთი კუთხით ნუ შევხედავთ ყველაფერს“ ,- წერს თორნიკე ჩიქოვანი.10815686_865076466848181_1728714236_n
ილიაუნში სასულიერო პირის ლექციების აკრძალვის ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაციაც გამოეხმაურა.
„ილიას უნივერსიტეტის რექტორის გიგა ზედანიას გადაწყვეტილებით, მღვდელმსახურ თეოდორე გიგნაძეს რელიგიურ საკითხებზე ლექციების კურსის ჩატარება აეკრძალა“, – ამის შესახებ „უფლებადაცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, ილიაუნში მღვდელმსახურ თეოდორე გიგნაძისა და ათეულობით მართლმადიდებელი სტუდენტის მიმართ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია განხორციელდა.
მისი განცხადებით, იმდენად დიდი იყო სტუდენტების სურვილი, დასწრებოდნენ მღვდელმსახურის მიერ რელიგიურ თემაზე ლექციას, რომ ილიაუნის ადმინისტრაცია აღშფოთდა.
ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სირცხვილია, როცა ილიაუნის კარი ერეკლე დეისაძისთვის ღიაა, ხოლო მღვდელმსახურ თედორე გიგნაძისთვის დაკეტილი. მჟავანაძე მოძღვრისა და მართლმადიდებელი სტუდენტების დისკრიმინაციის გამო პროკურატურას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას სთხოვს.
„ილიაუნის’’ რექტორის გიგა ზედანიას გადაწყვეტილება სხვა არაფერია, თუ არა რელიგიური ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის გამოვლენა. რამდენიმე თვის წინ იქნა მიღებული კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომლითაც ადამიანების ნებისმიერი სახის დიფერენცირება სასტიკად აიკრძალა. საინტერესოა, რა აზრი აქვს მხოლოდ ქაღალდზე დატანილ ნორმას, თუკი რეალურად კვლავაც გვექნება დისკრიმინაციის გამოვლენის ფაქტები? იმდენად დიდი იყო სტუდენტების სურვილი დასწრებოდნენ მღვდელმსახურის მიერ რელიგიურ თემაზე ლექციას, რომ ილიაუნის ადმინისტრაცია აღშფოთდა. მაშინ, როდესაც სხვა რელიგიური ჯგუფის ინტერესების უფლებები შეილახება, იმ წუთსვე ხმაურს ტეხენ. დღეს კი არამარტო ერთი მღვდელსახურის, ასობით მართლმადიდებელი სტუდენტის უფლებები დაირღვა, ამას არ უნდა მოყვეს რეაგირება? რატომ ხდება უმრავლესობის უფლებების უგულებელყოფა? ‘’- განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ „კვირას“ პრესკლუბში.

ხათუნა მჭედლიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები