მართლმადიდებელი ეკლესია და 10 რელიგიური კონფესია ოჯახური ძალადობის პრობლემის დასაძლევად აქტივობებს იწყებს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქვეყანაში მოქმედი 10 რელიგიური კონფესია ოჯახური ძალადობის პრობლემის დასაძლევად სხავადასხვა აქტივობას იწყებს.
როგორც “კვირას“ საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, პირველ ეტაპზე მზადდება ვიდეორგოლი, სადაც ინტერრელიგიური ჯგუფის წევრები ოჯახში ძალადობის თემაზე თავიანთ სამწყსოს მიმართავენ.
დღეს დაგეგმილია კონფერენცია – „რელიგიები ძალადობის წინააღმდეგ“, რომელიც სახელმწიფო კამპანიას „არა ძალადობას“ ეხმიანება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენციაზე აღნიშნული მიმართულებით ერთობლივი სამოქმედო გეგმა შემუშავდება.
“ბოლო პერიოდში, საქართველოში გამოვლენილმა ოჯახური ძალადობის ფაქტებმა საყოველთაო შეშფოთება გამოიწვია. სახელმწიფოს მიერ წამოწყებულ მსხვილმასშტაბიან სოციალურ კამპანიას გამოეხმაურა ფართო საზოგადოება.
ვინაიდან, სულიერებას და რწმენას ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ინტერრელიგიური ჯგუფის სხდომაზე, რომელშიც გაერთიანებულნი არიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქვეყანაში მოქმედი 10 რელიგიური კონფესია, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განხორციელდეს ერთობლივი ქმედებები მოცემული პრობლემის დასაძლევად.
პირველ ეტაპზე მზადდება ვიდეორგოლი, სადაც ინტერრელიგიური ჯგუფის წევრები მიმართავენ თავიანთ სამწყსოს ოჯახში ძალადობის თემაზე, ხოლო დაგეგმილ კონფერენციაზე შემუშავდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა აღნიშნული მიმართულებით.
კონფერენცია – „რელიგიები ძალადობის წინააღმდეგ“ ეხმიანება სახელმწიფო კამპანიას „არა ძალადობას!“ მასზე მოწვეულნი არიან საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და საზოგადოების წარმომადგენლები. ღონისძიება საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში დღეს გაიმართება“ ,- აცხადებენ საპატრიარქოში.