მამა გაბრიელის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით საპატრიარქო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
ღირსი მამის გაბრიელ სალოსის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით საპატრიარქო საზოგადოებას დამატებით აცნობებს, რომ ნეშტის გამობრძანება მოხდება შაბათს, 22 თებერვალს, 12:00 საათზე. პატრიარქი ჩაბრძანდება სამთავროს ფერიცვალების დედათა მონასტერში და თავად გადაიხდის პარაკლისს. პარაკლისის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 13:00 საათზე მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები გადასვენდება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ხოლო 14:00 საათიდან (და არა ადრე გამოცხადებულ 18:00 საათზე) სვეტიცხოველში მომლოცველებს საშუალება ექნებათ, პატივი მიაგონ წმინდანს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სვეტიცხოველში საზეიმო ლოცვას კათოლიკოს-პატრიარქი 19:00 საათზე დაიწყებს. შესრულდება ღამისთევის წირვა 24:00 საათზე, 03:00 საათზე და ასევე კვირას, 23 თებერვალს, 10:00 საათზე. წმინდა მამა გაბრიელ სალოსის ნეშტი ორშაბათს, 24 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადასვენდება, სადაც ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული. შემდეგ წმინდა მამის ნეშტს სამთავროს ფერიცვალების მიძინების ტაძარში გადააბრძანებენ და საგანგებოდ გამზადებულ აკლდამაში დაასვენებენ.