ლარის კურსი და საგარეო ვაჭრობა – „რაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, ექსპორტის მაჩვენებელი დაბალია“

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში 1.86-იან ნიშნულს გადააბიჯა. ლარი 0.0053 ნიშნულით დაეცა. საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.8605 შეადგინა.
ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ღაღანიძე „კვირასთან“ საუბრისას განამარტავს, რომ კურსის რყევაზე მოქმედი ფაქტორებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საქონლით საგარეო ვაჭრობის სალდო, ეს მაჩვენებელი კი საქართველოში წლების განმავლობაში დაბალია. მისი თქმით, რაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, ეს მუდმივად ასეა. ექსპერტი ბოლო პერიოდის ლარის კურსის ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად აღნიშნულ ფაქტორს მიიჩნევს. ამასთან, გიორგი ღაღანიძე აღნიშნავს, რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოძებნა შესაძლებლობა იმისთვის, რომ ექსპორტი მკვეთრად გაზრდილიყო, ამიტომ კონკრეტულად ამ ხელისუფლებისთვის ბრალის წაყენება არასწორია.
„კურსი ყალიბდება უამრავი ფაქტორის ზეგავლენით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია – საქონლით საგარეო ვაჭრობის სალდო, მომსახურებით საგარეო ვაჭრობის სალდო, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი ფულადი გზავნილები. ეს ფაქტორები ადგნენ მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობას შესაბამის დოლარზე და ლარზე. ჩვენთან სტანდარტულად საქონლის საგარეო სავაჭრო სალდო უარყოფითი გვაქვს წლების განმავლობაში. ეს, რაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, მუდმივად ასეა. შესაბამისად, ბოლო პერიოდშიც იგივე მოხდა. ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მოძებნა შესაძლებლობა, რომ ექსპორტი მკვეთრად გაზრდილიყო. აქედან გამომდინარე, არასწორია მაინცდამაინც ამ ხელისუფლებას წაუყენო ბრალდება. რაც საქართველოს დამოუკიდებელი ქვეყანაა, საქონლის იმპორტი აღემატება ექსპორტს“, – ამბობს ღაღანიძე.
ექსპერტი იმასაც აღნიშნავს, რომ წინა ცხრა წელთან შედარებით, საქართველოს ექსპორტი 7, ხოლო იმპორტი 12 პროცენტით გაიზარდა, თუმცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია. 10818634_988119721216044_670681097_n
„წინა ცხრა წელთან შედარებით ექსპორტი 7, ხოლო იმპორტი 12 პროცენტით გაიზარდა. დაახლოებით 5 მილიარდია საგარეო ვაჭრობის სალდო. ეს მოვლენა სტანდარტულად, მუდმივად ხდებოდა. ამას აბალანსებდა ის, რომ გვქონდა დადებითი ბალანსი მომსახურების თვალსაზრისით – მომსახურებისა, რომელიც იქნა გაწეული ყველა ტიპის, მათ შორის მოგზაურობისა და ტურიზმის სახით. ამ კუთხით შემოსავლები ცოტა შემცირებულია, ასევე შემცირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და გადმორიცხვები საზღვარგარეთიდან. ფაქტორები, რასაც უნდა დაებალანსებინა საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო, შესუსტდა, შესაბამისად, სავსებით მოსალოდნელი იყო, რომ ლარის კურსი რყევას განიცდიდა. სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ცხადი პოლიტიკის გატარება, რომელიც მოიზიდავდა დიდი რაოდენობით ინვესტიციებს, ვერ შემუშავდა უცხოელი ინვეტროისთვის მიმზიდველი მოდელი“, – განმარტავს ღაღანიძე.
ეკონომიკის ექსპერტი ეხმაურება ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის დღევანდელ განცხადებასაც, რომლის მიხედვითაც ფინანსთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ლარის კურსის რყევასთან დაკავშირებით შეკითხვები მისი კომპეტენციის ფარგლებს სცდება. გიორგი ღაღანიძის განმარტებით, ეროვნული ვალუტის ცვლილება დამოკიდებული არ არის ერთ კონკრეტულ უწყებაზე და უნდა შეფასდეს მთლიანად ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც მთავრობა ქმნის.
„პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას. კურსი არ არის ერთი კონკრეტული უწყების საქმე. ერთი უწყების ძებნა იმისთვის, რომ ითქვას, ის არის დამნაშავე, სწორი არ არის. უნდა ვილაპარაკოთ მთლიანად ეკონომიკურ პოლიტიკაზე“, – აღნიშნავს ექსპერტი და მთავარ გამოსავლად ინვესტორების მოზიდვას მიიჩნევს.
ეროვნული ვალუტის კურსმა ზრდა 21 ნოემბერს 1,7675-დან დაიწყო. ბოლო 10 წლის განმავლობაში ლარის ყველაზე მაღალი გაცვლითი კურსი 2004 წლის დასაწყისში იყო, როცა 1 დოლარის ღირებულებამ 2,14 ლარსაც კი მიაღწია, წლის ბოლოს კი 1,82 ლარამდე შემცირდა. ბოლო 4 წელიწადში კი გაცვლითი კურსი ყველაზე მაღალი 2010 წლის ივნისში იყო (1,8875) და 1,80-იან ნიშნულს 2011 წელსაც გასცდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები