საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებზე 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ადამიანების რაოდენობა 327-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BFMTV ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 327 დაკავება დაფიქსირდა“, – ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში.
მედიის ცნობით, მათგან 199 დედაქალაქში დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო აქციები ლოზუნგით, „ყველაფერი ჩაკეტეთ“ იმართება. სულ ქვეყნის მასშტაბით 700-ზე მეტი სხვადასხვა აქციაა მოსალოდნელი, რომლებსაც 100 ათასი ადამიანი უნდა შეუერთდეს. მომიტინგეები აცხადებენ, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიცვლება.