სოფელ აბანოში ახალი სკოლა შენდება
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოში ახალი სკოლა შენდება. სკოლის წარმომადგენლებსა და მშენებლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი შეხვდნენ და პირადად გაეცნენ მშენებლობის მიმდინარეობას.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ აბანოს საჯარო სკოლა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაინგრა და 13 წლის მანძილზე ანბანოს საჯარო სკოლის 50 მოსწავლე, მაღაროთა სამმართველოს შენობაში განთავსებულ საკლასო ოთახებში სწავლობდა, თუმცა რთული პირობების გამო, 2013-2014 სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებს ამ შენობის დატოვებაც მოუხდათ. უკვე რამდენიმე თვეა რაც სოფელ აბანოს მოსწავლეები და 16 პედაგოგი საციხურის საჯარო სკოლაში აგრძელებენ სწავლას. ყოველდღიურად, მათი გადაადგილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული სატრანსპორტო საშუალებით ხორციელდება. განთლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყო და ინტენსიურად მიმდინარეობს. ახალი სასწავლო შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება, გათბობის სისტემით, სპორტული და სააქტო დარბაზებით, ბიბლიოთეკითა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტით. სკოლის შენობა 90 მოსწავლეზეა გათვლილი, მშენებლობა 2014 წლის დეკემბერში დასრულდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმდინარე წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 9 ახალ საჯარო სკოლას აშენებს. მშენებლობების უმეტესობა 2014 წლის ბოლოსთვის დასრულება.