“მოვითხოვ, იარაღით უკანონოდ ვაჭრობის თემაზე დამკითხონ“
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური პროკურატურას მიმართავს და ყოფილი ხელისუფლების პერიოდში იარაღით უკანონოდ ვაჭრობის თემაზე დაკითხვას ითხოვს. როგორც დეპუტატმა “რუთავი 2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა, ის ფლობს ინფორმაციას თუ როგორ ხდებოდა თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრის დავით კეზერაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოში იარაღით უკანონო ვაჭრობა.
“რამდენიმე წლის წინ მე სპეციალური ბრიფინგი გავმართე, სადაც ვისაუბრე იმაზე, თუ როგორ ხდებოდა თავდაცვის სამინისტროში იარაღით უკანონო ვაჭრობა. მივმართავ პროკურატურის წარმომადგენლებს და ამ თემაზე დაკითხვას ვითხოვ“,-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
დეპუტატის თქმით, დავით კეზერაშვილი იყო ის პირი, ვინც მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსურ უზრუნველყოფას, ბიზნესმენების აწიოკების შედეგად მიღებული ფულით ახდენდა.
“მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალურ მოძრაობა“ არც ვანო მერაბიშვილსა და არც გიგი უგულავას არ იცავს ისე თავგამოდებით, როგორც კეზერაშვილს, იმიტომ, რომ მათთვის დავით კეზერაშვილი უფრო საჭირო ფიგურაა. მიხეილ სააკაშვილის საკრებულოს თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში, დავით კეზერაშვილი საქართველოში ბიზნესის რეკეტიორის როლს ასრულებდა და ამით მიხეილ სააკაშვილისა და მისი პოლიტიკური პარტიის ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებდა. “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კეზერაშვილი ფინანსური პოლიციის უფროსად დაინიშნა. ხსენებული თანამდებობიდან მას ბიზნესთან სრული შემხებლობა ჰქონდა და მთელს ბიზნესს აწიოკებდა. ახლა რომ ამობობენ, 2008 წელში თავდაცვის მინისტრი იყო და 2009 -ში ამდენი ფული საიდან იშოვაო, მინდა გითხრათ რომ ეს ჩემთვის გასაკვირი არ ყოფილა, რადგან ძალიან კარგად ვიცოდი თუ რა საქმიანობას ეწეოდა ის სხვადასხვა თანამდებობეზე მუშაობისას“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.