ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დიდი ხნით გაუარესდა – შტაინმაიერი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობები დიდი ხნით გაუარესდა.
შტანმაიერის განცხადებით, ყირიმი რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის გამო არის ანექსირებული.
„ჩვენ ვერ უგულებელვყოფთ, ვერ დავივიწყებთ, ან უბრალოდ გვერდს ვერ ავუვლით საერთაშორისო სამართლის დარღვევით განხორციელებულ ყირიმის ანექსიას. ეს კონფლიქტად დარჩება“, – განაცხადა მინისტრმა.
შტაინმაიერის თქმით, უკრაინის კონფლიქტი მოკლევადიან პერსპექტივაში ვერ მოგვარდება.
„მე ყოველთვის ვამბობ: კონფლიქტის პროვოცირებას შესაძლოა, 14 დღე დასჭირდეს. თუმცა მის მოსაგვარებლად საჭიროა 14 წელი“, – განაცხადა შტანმაიერმა. მან დაადსტურა, რომ დღევანდელი კონფლიქტი უკრაინაშიც შესაძლოა, 14 წლის მანძილზე გაგრძელდეს.
„სექტემბერში,მინსკის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ყველაზე ცუდი უკან დარჩა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ მომენტი ხელიდან გავუშვით და ახლა ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ მინსკის შეთამხმებები არ გაუფასურდეს“, – ფიქრობს შტანმაიერი.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობები საგრძნობლად გაუარესდა.
„დიდი დრო გავა, სანამ ეს ურთიერთობები კვლავ აეწყობა. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ურთიერთობები უახლოეს მომავალში ჩვეულებრივი ვერ იქნება“, – აღნიშნა შტაინმაიერმა.