თბილისის რეაბილიტაციისთვის მილიარდ ასი მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

თბილისში ე.წ. „ხრუშჩოვკის“ ტიპის ბინების ნაცვლად თანამედროვე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა იგეგმება. შესაბამისი პროექტი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილისა და საერთაშორისო სავაჭრო-საინვესტიციო ჰოლდინგის ხელმძღვანელის, სალემ ჰუმეიდალ შამსის შეხვედრაზე განიხილეს. შეხვედრაზე მხარეებმა ძველი თბილისის რეაბილიტაციის შესახებ პროექტებზეც იმსჯელეს. შეთანხმებას, რომელიც თბილისისთვის მილიარდ ასი მილიონი ლარის ინვესტიციის გაცემას მოიცავს, ხელი ზაფხულისთვის მოეწერება. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, მხარეებს შორის სტრატეგიული შეთანხმება უკვე მიღწეულია და მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური დეტალი რჩება გადასაწყვეტი. მისივე თქმით, ახალი პროექტების განხორციელება უკვე ზაფხულიდან დაიწყება.
„ეს თბილისელებისთვის ძალზე სასიამოვნო ინფორმაციაა. თითოეული პროექტი, იქნება ეს ძველი თბილისის რეაბილიტაცია თუ ე.წ. „ხრუშჩოვკის“ ტიპის ბინების დემონტაჟი და მათ ადგილას უფრო მიმზიდველი და კომფორტული საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, შეცვლის ჩვენი ქალაქის იერსახეს. ბევრად უფრო გალამაზდება და გამშვენიერდება ჩვენი ქალაქი და მოსახლეობას თბილისში ცხოვრების უფრო მეტი კომფორტი ექნება“, – აღნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე.
ახალი პროექტი ძველი თბილისის იერსახის შენარჩუნებისთვის მუშაობის დაწყებასაც მოიცავს.
„ძველი თბილისი – ეს არის ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი გარემო და ადგილი. არ შეიძლება მისი იერსახის შეცვლა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავარემონტოთ, გავამაგროთ აქ მდებარე შენობები. იერსახე გავალამაზოთ და გარეგნულად მიმზიდველი გავხადოთ“, – აღნიშნავს შიხიაშვილი.
მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას და მოსახლეობას დასაქმების საშუალებას მისცეს. შიხიაშვილის განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობას საშუალება ექნება საკუთარი საცხოვრებლების პირველ სართულზე მაღაზიები, კაფეები და სხვა მსგავსი ობიექტები გახსნან. „არსებობს მრავალი გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხი, ასევე სხვადასხვა სახის გრანტები, რომლის მეშვეობითაც ხდება ადამიანების გადამზადება, რომ მათ საკუთარი მცირე და საშუალო ბიზნესის გაძღოლა შეძლონ და პირველი საბრუნავი საშუალებებიც გაუჩნდეთ. მას შემდეგ, რაც ძველი თბილისის უბნები გალამაზდება, ამ ადგილებს მეტი მნახველი ეყოლება, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, უფრო მეტ ადამიანს წარუდგინოს საკუთარი ბიზნესი“, – აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე. ამასთან მისი თქმით, მშენებლობა საშუალებას მისცემს ადამიანებს, რომ დასაქმდნენ, გაუჩნდეთ შემოსავალი და ღირსეულად იცხოვრონ თავიანთ სახელმწიფოში. „ეს მშენებლობა 10 ათასობით სამუშაო ადგილს ნიშნავს“, – აღნიშნავს ირაკლი შიხიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები