გიორგი მაისურაძის ლექცია გაიმართება
3 დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლ „ლიგამუსში“, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ფილოსოფოს გიორგი მაისურაძის საჯარო ლექციას – „ზიგმუნდ ფროიდის ეგვიპტური ფანტაზია. ლიტერატურული ფიქცია, როგორც ფსიქოანალიტიკური ინტერპრეტაციის მეთოდი“ გამართავს. ლექცია ჩატარდება შეხვედრების სერიის „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ ფარგლებში.
1936 წელს ზიგმუნდ ფროიდი პირადი წერილით გამოეხმაურა თომას მანის იმ დროს ჯერ კიდევ დაუმთავრებელ რომანს „იოსები და მისი ძმები“. წერილში ფროიდი თომას მანის რომანის ბიბლიური სიუჟეტის გასაოცარ ინტერპრეტაციას იძლევა. იმ პერიოდში ფროიდი მუშაობდა უკანასკნელ წიგნზე – „კაცი მოსე და მონოთეისტური რელიგია“, რომელიც მისი შემოქმედებითი ანდერძი უნდა გამხდარიყო. ფროიდის ეს ნაშრომიც ხშირად ლიტერატურულ ფიქციად მიიჩნევა. მოხსენების თემას სწორედ ფიქცია, როგორც ფროიდის ინტერპრეტაციული მეთოდი, წარმოადგენს.
ლექციაზე დასწრება თავისუფალია.