ირაკლი ღარიბაშვილი: მთელ საზოგადოებას თქვენს მიმართ აქვს სრული ნდობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დაარსებიდან ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართა. მისი განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების სამსახური არის უაღრესად საპატიო.
“თქვენ ემსახურებით საქართველოს, ჩვენს ქვეყანას, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას. მთელ საზოგადოებას თქვენს მიმართ აქვს სრული ნდობა და ეს თქვენი საქმით, 24 საათიანი შრომით დაიმსახურეთ. ჩემთვის საამაყო და საპატიო იყო ერთი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობა”, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნშნა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შრომა არის დაფასებული, მაგრამ ისურვებდა, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს დაფასებული.
“სამწუხაროდ, თითოეულმა მოქალაქემ არ იცის ის შრომა, რასაც თქვენ ეწევით ქვეყნის დასაცავად და სახელმწიფოს გასაძლიერებლად. არ იციან, თუ რაოდენ რთულია ის უძილო ღამეები, 24 საათიანი შრომა, რომელსაც ეწევით.
სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ თქვენს მიმართ არსებობს განსაკუთრებული ნდობა. ეკლესიის, ჯარის და პოლიციისადმი ნდობა არის განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებაში.
თქვენ ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გიწევთ საკუთარი მოვალეობის შესრულება და სწორედ ამიტომაც არის თქვენი საქმე საპატიო და დასაფასებელი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა და პირადად თვითონ, ყოველთვის მათ გვერდით იქნება და დაიცავს მათ ინტერესებს.