დავით ბაქრაძე რიჩარდ ნორლანდს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ საქართველოში აშშ-ს ელჩთან რიჩარდ ნორლანდთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის ელჩს სახელმწიფო დეპარტამენტის დამგმობი პოზიციის გამო რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ხელმოწერილ ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებასთან” დაკავშირებით, გააცნო ის ღონისძიებები, რომელსაც რუსეთის ფედერაციის ქმედების საპასუხოდ გეგმავს საქართველოს მთავრობა.
ხაზგასმით აღინიშნა ხსენებული „შეთანხმების” საპასუხოდ საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით აშშ-ის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საერთაშორისო ფორუმებზე შესაბამისი რეაგირებისა და საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის აუცილებლობა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
რიჩარდ ნორლანდმა დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მიმართ. მხარეებმა აგრეთვე იმსჯელეს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებულ ვითარებაზე და მნიშვნელოვან გამოწვევებზე.
„აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, შესაბამისად, მათი კიდევ ერთხელ მხარდაჭერის მოსმენა მნიშვნელოვანი ფაქტორია, ეს ეხება არა მარტო ორმხრივ ურთიერთობებს… ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ამერიკის ხმა მკაფიოდ და ხმამაღლა გაისმას [ე.წ. „ხელშეკრულების” დაგმობის] მიმართულებით. ეს ეხება როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს, ეუთოს მინისტერიალს”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები