ევროპის საბჭოს თავმჯდომარე: უკრაინაში კრიზისის დაძლევის გამოსავალი ფედერალიზაცია უნდა გახდეს
უკრაინაში კრიზისის დაძლევის გამოსავალი ამ ქვეყნის ფედერალიზაციაა, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ ჰერმან ვან რომპეიმ განაცხადა.
„5 სექტემბრის მინსკის სამშვიდობო შეთანხმებების შემდეგ უკრაინაში დაახლოებით 1 000 ადამიანი დაიღუპა. მე ამას ცეცხლის შეწყვეტას არ ვუწოდებ. უკრაინისთვის პრობლემის გლობალური გადაწყვეტაა საჭირო. აუცილებელია, რომ ეს დეცენტრალიზებული ან ფედერალური სახელმწიფო იყოს“, – აღნიშნა რომპეიმ.
მისი აზრით, კიევმა ევროკავშირთან დაახლოება უნდა განაგრძოს, მაგრამ, ამასთან, „მეზობელ რუსეთთან, რომელთანაც საერთო ისტორია, კულტურა და ენა გააჩნია, ნორმალური ურთიერთობები შეინარჩუნოს“.
ჰერმან ვან რომპეიმ ასევე მხარეებს შორის დიალოგის მეშვეობით პოლიტიკური ნდობის აღდგენისკენ მოუწოდა. მან მაგალითად მოლაპარაკებების ფორმატი „ოსლო-1993“ მოიყვანა, როდესაც ერთ მაგიდასთან ისრაელისა და პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის წარმომადგენლები დასხდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რომპეის თქმით, უკრაინის კრიზისის შედეგები ევროპისთვის შესაძლოა, ისეთივე იყოს, როგორც ეს ბალკანეთში ომების შემთხვევაში მოხდა.