ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს (ფოტოკოლაჟი)
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა ქართულმა სამშვიდობო კონტიგენტმა სამოქმედო რაიონში ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარა. V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედროებმა პარვანის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს.
ჰუმანიტარული ოპერაცია ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდა. ანალოგიური ოპერაციები ადგილობრივ მოსახლეობასა და სამშვიდობო კონტიგენტს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ოპერაციის დროს ქართელი სამხედროები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და გაესაუბრნენ. სამომავლოდ მსგავსი ოპერაციების ჩატარება კვლავ იგეგმება.
51-ე ბატალიონი პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ავღანეთში სამშვიდობო მისიას პარვანის პროვინციაში ISAF-ის დასკვნით ფაზაზე ასრულებს. ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოებას იცავენ.